დასანქცირების შიშით ფალკაომ რუსეთში თამაშზე უარი თქვა
37 წლის რადამელ ფალკაო მოსკოვის ცსკა-ში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა იურისტების რჩევით რუსეთში თამაშზე უარი თქვა.
რუსი „ინსაიდერის“, ივან კარპოვის ინფორმაციით, მოსკოვის ცსკა აშშ-ის სანქციების სიაშია, ფეხბურთელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქონება აქვს. თუ ფეხბურთელი მოსკოვურ გუნდში გადავიდოდა, აშშ-ს მხრიდან ფალკაოს დასანქცირების შესაძლებლობა არსებობდა. ფალკაომ იურისტების რეკომენდაცია გაითვალისწინა და რუსეთში გადასვლაზე უარი თქვა.
მოსკოვის ცსკა-ს წარმომადგენელმა კირილ ბრეიდომ დაადასტურა, რომ ფალკაოს გადაბირების ვარიანტი არსებობდა. მოლაპარაკების მიხედვით, ფალკაოს რუსულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით უნდა ეთამაშა. მოგეხსენებათ, 37 წლის კოლუმბიელი ესპანურ „რაიო ვალეკანოში“ თამაშობს და ამ გუნდის საკუთრებაა.
ფალკაოს კოლუმბიურ „ლანსეროს ბოიაკაში“, „რივერ პლეიტში“, „პორტუში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „მონაკოში“, „მან. იუნაიტედში“, ლონდონის „ჩელსისა და „გალათასარაიში“ უთამაშია. 2021 წლიდან „რაიო ვალეკანოს“ ღირსებას იცავს.