„ახლა ძალიან ძვირი ღირს“ - დვალიშვილი კვარაზე იტალიურ რადიოს ესაუბრა
ბათუმის „დინამოს“ სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერის შესახებ იტალიურ Radio Punto Nuovo-ს ესაუბრა.
„მის ტრანსფერთან დაკავშირებით კლუბმა და აგენტმა სხვა წინადადებებიც მივიღეთ, მაგრამ კვარამ „ნაპოლი“ აირჩია. მას „აძური“ სურდა. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარიერაში საუკეთესო არჩევანი გააკეთა მისთვის და მისი კარიერისთვის. ის წავიდა სწორ გუნდში, სწორ ადგილზე და სწორ მწვრთნელთან“.
კითხვაზე, თუ რამდენია კვარაცხელიას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, დვალიშვილი ასე პასუხობს: „ახლა ის ძალიან ძვირი ღირს. ვინც ცდილობს მის ყიდვას, უნდა იცოდეს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი სარეკორდო თანხად აფასებს“.
შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 9 საგოლე პასი შეასრულა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ 20 შეხვედრა მოიგო, პირველ ადგილზეა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.