ბრწყინვალე გამარჯვება: ღვინიაშვილის ოქრო თელ-ავივის გრანდ სლემზე
თელა-ავივის გრანდ სლემზე, 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში უნგრელი კრისტიან ტოტე იპონით დამაჯერებლად დაამარცხა.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ტურნირის პირველ შეხვედრაში ბექამ ივაილო ივანოვი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, 1/8-ფინალში უკრაინელი არტომ ბუბოევის ბარიერი ვაზარით დასძლია, 1/4-ფინალში მონღოლ ალთანბაგანა განტულგასთან დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით გაიმარჯვა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი იპონით დაამარცხა.
დღეს, ტურნირზე ასევე ასპარეზობდა ვარლამ ლიპარტელიანი, თუმცა 1/8-ფინალურ სტადიაზე ბრაზილიელ გონსალვეშთან იპონით დამარცხდა.
თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე ამ მომენტისთვის 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. 66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციას პირველი ოქრო მოუტანა. რაც შეეხება ბრინჯაოს, ამავე წონაში მედალი ლაშა ნადირაძის აქტივშია.