„უკვე გვაშინებს“ - რას წერენ უცხოურ პრესაში კვარაზე
სერია A-ს 23-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და სტუმრად გამართული შეხვედრა 2:0 მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შედევრი შემოგვთავაზა, რომელმაც საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „კვარაზე“ ბევრმა გამოცემამ ისაუბრა და აი, რას წერენ უცხოურ პრესაში:
Marca
„ოსიმენისა და კვარაცხელიას კავშირი ნაპოლის სკუდეტოს უნაღდებს. ლუჩანო სპალეტიმ მწვრთნელის რანგში თავისი მე-1000 შეხვედრა ჩაატარა და ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ნეაპოლელთა დომინაცია კვარაცხელიამ დაიწყო, რომელმაც ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ლორიანტეს გასცდა და როცა მეტოქის საჯარიმოსთან აღმოჩნდა, მეკარეს აუღებელი დაურტყა. ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გოლი გაიტანა“.
La Gazzetta dello Sport
„ოსიმენი და კვარაცხელია საერთოდ სხვა კატეგორიაში არიან. ნაპოლიმ სასუოლო დაანოკაუტა და ინტერს 18 ქულით უსწრებს. ქართველმა და ნიგერიელმა შოუ დადგეს და ორი გოლი გაიტანეს, რომლებითაც ნაპოლიმ დიონისის გუნდი დაამარცხა. მეოცე გამარჯვება სერია A-ში სპალეტის ბიჭებისთვის“.
Corriere dello Sport
„ალბერტო ტომბა (იტალიელი მოთხილამურე) ხვიჩას აუცილებლად სთხოვს, რომ მისგან პირველი გოლისას განხორციელებული სლალომის უფლებები მიიღოს. ტომბა შთაბეჭდილებას მაინც გვიტოვებდა, რომ ბარიერებისთვის თავის არიდება და დაშვება ცოტათი უჭირდა, კვარაცხელია კი ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, რომ გვაშინებს. ადამიანების უმრავლესობა მინიმუმ ერთ კოჭს მაინც დაიზიანებდა მიმართულების ხვიჩასნაირად შეცვლისას, მაგრამ ის... და თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასუოლომ მისი შეჩერება სცადა და ბალახის ფერის მაისურებით გამოვიდა, მაგრამ არაფერმა იმუშავა“.
AS
„კვარა და ოსი, რომელი პლანეტიდან ხართ? ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში მე-12 წუთზე, შესანიშნავი გოლით გაიხსნა. ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მაქსიმ ლოპესი ჩამოიშორა, ლორიანტეს გასცდა, მეტოქის საჯარიმოსთან აღმოჩნდა, რამდენიმე ცრუმოძრაობა და გოლი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში“.
Tuttomercatoweb
„ალბერტო ტომბას დაშვება, ან თუ მოისურვებთ, ჯორჯ ბესტის სოლორეიდი. აკრობატული დრიბლინგი, რომლის დროსაც 3 მეტოქე დააწვინა. ის ჯადოქარს ჰგავს. ბურთთან ერთად ქრება, ჩნდება და ქუდიდან კურდღელი ამოჰყავს“.
Napolimagazine
„ფენომენალური გოლი. იგი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ისე სცდება, რომ თავი დახრილი აქვს, რადგან ზუსტად იცის, ისინი სად იმყოფებიან. გოლიც იგრძნო“.
ამრიგად, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ მეოცე შეხვედრა მოიგო. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის, სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“.