მოურინიო პარი სენ-ჟერმენში - კამპუშთან კონტაქტი უკვე ჰქონდა
„რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენში“ დაინიშნოს. ეს ინფორმაცია ფრანგულ პრესაში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და Foot Mercato-მ დაწერა, რომ პარიზულ გრანდსა და პორტუგალიელ სპეციალისტს შორის პირველი კონტაქტი უკვე იყო.
როგორც ირკვევა, მოურინიოს ლუიშ კამპუში დაუკავშირდა. ეს უკანასკნელი „პარკ დე პრენსის“ ბინადრების მრჩეველია საფეხბურთო საკითხებში. საფრანგეთში გადასვლის პერსპექტივა „განსაკუთრებულსაც“ ხიბლავს და ჟოზემ და კამპუშმა შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.
Foot Mercato-ს ცნობით, კამპუში მოურინიოს დიდი გულშემატკივარია და მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ჟოზეს სახელი „პარკ დე პრენსზე“ აქამდეც გაჟღერებულა და პარიზში თვლიან, რომ ამჟამინდელი თავკაცის, კრისტოფ გალტიესგან განსხვავებით, იგი იმ დონის სპეციალისტია, როგორიც ასეთ კლუბს შეეფერება.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „რომას“ შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა, თუმცა კლუბების პრეზიდენტებს თბილი ურთიერთობა აქვთ. ჟოზეს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მის გარდა, ზინედინ ზიდანის კანდიდატურაც განიხილება.