ბარსას და ჩელსის ალონსოს ტრანსფერზე თაღლითობაში ადანაშაულებენ
„ბარსელონა“ და „ჩელსი" მარკოს ალონსოს ტრანსფერთან დაკავშირებით თაღლითობაში დაადანაშაულეს.
ესპანეთის მეოთხე დივიზიონის კლუბმა „უნიონ ადარვემ“ ფიფას დავების გადაწყვეტის პალატაში 2022 წლის ზაფხულში „ჩელსიიდან“ ალონსოს ტრანსფერის შესახებ სარჩელი შეიტანა.
მადრიდული გუნდი კატალონიელებს ტრანსფერის დროს დარღვევაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ რეალურად „ბარსამ“ და „ჩელსიმ“ ფეხბურთელები გაცვალეს (პიერ-ემერიკ ობამეიანგი ალონსოს სანაცვლოდ და კიდევ 12 მილიონი ევრო).
Union Adarve-სთვის მნიშვნელობა ტრანსფერის ფორმატს აქვს, რადგან თუ გარიგება ნამდვილად გაცვლის სახით იყო, მაშინ კლუბს სოლიდარობის გადასახადი 103 ათასი ევროს ოდენობით უნდა მიეღო.
მომჩივანი კლუბი ამბობს, რომ ობამეიანგს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები გადაუხადეს, რაც მხოლოდ ალონსოს გარიგებაში ჩართვით აიხსნება.
FIFA-სთან დაკავშირების გარდა, მე-4 დივიზიონის კლუბი აპირებს საკუთარი ეჭვების შესახებ ლა ლიგას შეატყობინოს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრების შესახებ, სადაც ალონსოს ტრანსფერი განიხილებოდა.