მარიო რუი: „ხვიჩა უფრო და უფრო ძლიერი გახდება, მომატება კიდევ შეუძლია“
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, მარიო რუიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. პორტუგალიელი უკანახაზელი „პარტენოპეის“ ოფიციალურ რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ელაპარაკა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომატება კიდევ შეუძლია.
„კვარა თუ სალაჰი? ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან. ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი (რამდენიმე დღის წინ სპალეტიმ ხვიჩა სალაჰს შეადარა) გულისხმობდა იმას, რომ მო ნაკლებად ინდივიდუალისტი გახდა და ხვიჩასთან მიმართებითაც იგივე ხდება. საუბარი მაღალი დონის ორ ფეხბურთელზე გვაქვს. ჩემი აზრით, კვარას შეუძლია, უფრო დიდ პროგრესს მიაღწიოს და ჩვენდა საბედნიეროდ, უფრო და უფრო ძლიერი გახდება.
შეუძლია, ხვიჩას რონალდუს დონის მიღწევა? გამორიცხული არაფერია. როგორც მის თანაგუნდელს, ეს ძალიან გამიხარდება. დრო ჯერ კიდევ მის მხარეზეა და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს, ამ დონეს მიაღწევს“.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.