10 მილიონი ბავშვების ოცნებების ასასრულებლად | მაიკლ ჯორდანის ქველმოქმედება
Make A Wish-ი 1980 წელს დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ის 2.5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს ებრძვიან, ოცნებებს უსრულებს. Make A Wish-ი დაახლოებით 50 ქვეყანაში მოქმედებს და ახლახან, მას NBA-ის ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი დაეხმარა.
Associated Press-ის ინფორმაციით, „ემჯეიმ“ საკუთარი 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად (17 თებერვალს ხდება 60 წლის), Make A Wish-ს 10 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა. ორგანიზაციის ისტორიაში, ერთ ადამიანს ამხელა შემოწირულება არასდროს გაუკეთებია.
„ბოლო 34 წლის განმავლობაში, ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და უამრავი ბავშვისთვის ღიმილისა და ბედნიერების მოტანა. შთამაგონებელია იმ სიძლიერისა და გამძლეობის ნახვა, რომელსაც ბავშვები თავიანთი ცხოვრების ურთულეს პერიოდში იჩენენ. ამაზე უკეთესი საჩუქარი არ მაფიქრდება და იმედი მაქვს, მხარს ბევრი დამიჭერს, რათა ყველა ბავშვმა იგრძნოს, რა მაგია მოაქვს ოცნების ასრულებას“, - განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.
ჯორდანი Make A Wish-თან წლებია თანამშრომლობს და 2008 წელს, ორგანიზაციის საპატიო ელჩი გახდა. მაიკმა 100-ზე მეტ ბავშვს აუსრულა ოცნება და იგი ყველაზე მოთხოვნადი ცნობილი სახეა, რომელთან შეხვედრაც უმძიმეს დაავადებებთან მებრძოლ პატარებს სურთ. Make A Wish-ის თქმით, „ემჯეიმ“ ძალიან ბევრი ბავშვისა და ოჯახის ცხოვრება შეცვალა და მაიკლი გაჩერებას არ აპირებს.