DAZN-მა ხვიჩა ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
DAZN Italia სატელევიზიო არხია, რომელიც სერია A-ს მატჩებს პირდაპირ ეთერში გადასცემს. ყოველი ტურის შემდეგ, DAZN Italia საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს და ამჯერად, ეს სტატუსის „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაისაკუთრა.
„ქალბატონებო და ბატონებო, სერია A-ს 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა“, - ნათქვამია DAZN Italia-ს მიერ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
Signore e signori, il player of the Week del 22° turno di #SerieATIM: KHVICHA KVARATSKHELIA ⭐️#DAZN pic.twitter.com/3ZquEwBDvx
— DAZN Italia (@DAZN_IT) February 15, 2023
შეგახსენებთ, რომ 22-ე ტურში, „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მაისურით თავი „კვარამაც“ გამოიჩინა და 22-ე წუთზე, ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდის მომდევნო გაჩერება „სასუოლოა“, რომელსაც პარასკევს, თბილისის დროით, 23:45-ზე გაეჯიბრება.
ცნობისთვის, სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე 9 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. იგი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ერთადერთი დებიუტანტია, რომელსაც ეს სტატისტიკა აქვს გაფორმებული. ყველა ტურნირის ეგიდით, მან 23 მატჩში ითამაშა და 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.