მხოლოდ მისი ფეხსაცმელები იპოვეს - კრისტიან ატსუს ისევ ეძებენ
„ჰატაისპორის“ ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს აგენტმა, ნანა სეჩერემ განაცხადა, რომ 31 წლის განელის პოვნა კვლავ ვერ ხერხდება. თურქეთში მომხდარი საშინელი მიწისძვრის შემდეგ, ატსუ ნანგრევებშია მოყოლილი და სეჩერეს თქმით, ჯერჯერობით, მხოლოდ მისი ფეხსაცმელებია ნაპოვნი.
„ჰატაიში, კრისტიანის ოჯახთან ერთად ვიმყოფები. ჩვენ წინ წარმოუდგენელი რამ ხდება და განადგურებული ვართ ადამიანების გამო, რომლებზეც ამ საშინელმა ტრაგედიამ იმოქმედა. მიწისძვრიდან 9 დღე გავიდა და კრისტიანი ჯერ არ გვიპოვია. მხოლოდ მისი ოთახის ადგილმდებარეობა და ორი წყვილი ფეხსაცმელი აღმოვაჩინეთ.
გუშინ, თერმული კამერით გადაღებული მასალა მოგვაწოდეს, რომელზეც გამოჩნდა, რომ ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 5 ადამიანია დარჩენილი. თუმცა, რეალური მტკიცებულება, რომ ისინი ცოცხლები არიან, მხოლოდ მათი დანახვის ან ხმის გაგების შემთხვევაში გვექნება. უმძიმესი ვითარებაა და გვინდა, მაშველებს, ადგილობრივ მოქალაქეებსა და მოხალისეებს უდიდესი მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ, უფრო მეტი რესურსია საჭირო და წინ ძალიან ნელა მივიწევთ, რის გამოც, ბევრი ადამიანის გადარჩენა ვერ ხერხდება. ცუდია, კლუბი ჩვენთან ერთად რომ არ იმყოფება და კრისტიანს არ ეძებს, რადგან მისი გავლენა და ინფორმაცია ძალიან დაგვეხმარებოდა“.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა.