„მსოფლიოში ყველაზე საოცარი წყვილია“ - მაცოლა ხვიჩასა და ოსიმენზე
იტალიური ფეხბურთისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდამ, 80 წლის სანდრო მაცოლამ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, კვარაცხელია-ოსიმენის წყვილი მსოფლიოში ყველაზე საოცარია.
„ოსიმენი და კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე საოცარ წყვილს წარმოადგენენ. ნამდვილად მომწონს მათი ჰარმონიული თამაში. ისინი ჰარმონიულად მოქმედებენ, სივრცეებს ითვისებენ, მეტოქის ნახევარზე სიღრმეში იჭრებიან, ბრწყინვალე გუნდურ თამაშს აჩვენებენ და ლამაზ გოლებს იტანენ.
ვფიქრობ, სიმონე ინძაგის სკუდეტოს მოგების იმედი კვლავ აქვს, თუმცა ამას არ ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ კონკურენტს 15 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე დიდი დრო და ბევრი მატჩია დარჩენილი. ვნახოთ, რა მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ „ინტერმა“ ქულები აღარ დაკარგოს“.
იტალიის სერია ა-ში 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. 23-ე ტურში, 17 თებერვალს, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ სტუმრად შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტია“. პირველი მატჩი გერმანიაში 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.