„თუ ბელინგემის ტრანსფერი არ გამოვა, რეალის სამიზნე კვარაცხელიაა“
ესპანური Cadena Ser-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ უპირველესი სამიზნე ჯუდ ბელინგემია. „სამეფო კლუბი“ „დორტმუნდის“19 წლის შემტევის გადაბირებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავს. თუ მადრიდული გრანდი ინგლისელს ვერ გადაიბირებს, ფლორენტინო პერესი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ეცდება.
Cadena Ser-ი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშედ აღიარებს:
„ბევრი მიზეზია, რატომაც მას მოსწონს „ბერნაბეუ“. ის ახალგაზრდა ვარსკვლავია, „რეალის“ ქომაგია და არ მალავს, რომ გუტისა და კრიშტიანუ რონალდუს თაყვანისმცემელია. საქართველოში საკალათბურთო მატჩზე ყოფნისას მისმა გარემოცვამ გვითხა, რომ „რეალში“ თამაში სურს“.
შეგახსენებთ, Fichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალისთვის“ახალ სეზონში ხვიჩა ერთ-ერთი სასურველი მოთამაშე იქნება. მოსალოდნელია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე იაქტიუროს.
Fichajes: „გასული თვეებიდან გამომდინარე, ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი მოულოდნელობაა. 21 წლის ასაკში წინ მიიწევს სერია ა-ს დასაპყრობად, რაც განაპირობებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ევროპული კლუბის ინტერესს მის მიმართ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. აღნიშნულ კლუბებს შორისაა მადრიდის „რეალი“, რომელიც გარკვეული დროა ხვიჩას ევოლუციას აქტიურად აკვირდება“.
იტალიის სერია ა-ში 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 59 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. 23-ე ტურში, 17 თებერვალს, „ნაპოლი“ „სასუოლოს“ სტუმრად შეხვდება. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტია“. პირველი მატჩი გერმანიაში 22 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 16 მარტს ნეაპოლში გაიმართება.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 9 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.