გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკი - ბითაძის ჩამოსვლა გამოირიცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ეტაპზე საქართველოს კალათბურთელა ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს, სტუმრად ნიდერლანდებს შეხვდება (23 თებერვალი), თბილისში კი ისლანდიას მიიღებს (26 თებერვალი). თუ ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ორივე თამაშს მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ილიას ზუროსმა აღნიშნული შეხვედრებისთვის შემდეგ მოთამაშეებს უხმო: 

თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, გივი ბაქრაძე, თად მაკფადენი, გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბურჯანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე.

საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძე ვერ დაეხმარება, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„გოგა ბითაძე ნბა-ში კლუბის გამოცვლის გამო რამდენიმე დღე თავისუფალი აგენტი იყო. გაჩნდა შანსი, რომ ის საქართველოს ნაკრებს დახმარებოდა. ამიტომ, საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელებმა FIBA-ში გაგზავნილ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, თუმცა გოგამ “ორლანდოსთან” კონტრაქტი გააფორმა და მისი ნაკრებში ჩამოსვლა გამოირიცხა“.

საქართველოს ნაკრებისთვის აღნიშნულ შეხვედრებში კაპიტანი თორნიკე შენგელია ითამაშებს.მასთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„შენგელიას ამბავი ცალკე სათქმელია. ევროლიგაში თამაშის მიუხედავად, თორნიკე ყოველთვის მოდიოდა ნაკრებში სათამაშოდ და ახლა, როცა თამაშების გრაფიკი მაქსიმალურად შემჭიდროებულია, ის მაინც გუნდში იქნება. შენგელია 4 დღის განმავლობაში 3 მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებს შორის ის 24 თებერვალს ევროლიგაში, ვირტუსის მაისურით ბასკონიას წინააღმდეგაც ითამაშებს. ანუ 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ 25 რიცხვში არ მოუწევს შენგელიას მოედანზე გასვლა, რაც თანამედროვე კალათბურთში უპრეცედენტოდ დატვირთული გრაფიკია და ცხადია, ეს საქართველოს ნაკრების ისტორიულ მიჯნაზე ყოფნითა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგების სურვილითაა განპირობებული.

შენგელიას და ჩვენს ნაკრებს ფრიად დატვირთული გრაფიკი რომ ნაწილობრივ შეუმსუბუქდეს, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ძალისხმევითა და სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დახმარებით ეროვნული გუნდის კაპიტნისთვის პირადად 2 ჩარტერული რეისი, ხოლო ერთი პრივატული რეისი მთლიანი გუნდისთვის განხორციელდება. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ, თორნიკე ჩარტერით დაბრუნდება ბოლონიაში, ხოლო 24 თებერვალს, ევროლიგაში ბასკონიასთან მატჩის შემდეგ ასევე ჩარტერული რეისით გამოფრინდება თბილისში, ისლანდიასთან სათამაშოდ. მესამე არარეგულარული რეისით საქართველოს ნაკრები ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნდება, რათა 26 თებერვალს, ისლანდიასთან ზეპრინციპული მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემადგენლობა ცნობილია - როგორია ზუროსის არჩევანი ისტორიული მატჩისთვის
შემადგენლობა ცნობილია - როგორია ზუროსის არჩევანი ისტორიული მატჩისთვის