ხვიჩა კვარაცხელია, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სპალეტი: „კვარაცხელია სალაჰს მაგონებს, მას დიდი მომავალი აქვს“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელის, ანდრეა ფორტუნატოს (იგი ლეიკემიით გარდაიცვალა) ხსოვნის პატივსაცემად გამართულ დაჯილდოებაზე იყო მიწვეული და „პარტენოპეის“ ქართველ გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლუჩანომ „კვარა“ შეაქო და იგი მოჰამედ სალაჰს შეადარა.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც დრიბლინგისას თავს კარგად გრძნობს, ბურთს ალერსიანად ეპყრობა და აქვს ცრუმოძრაობები, რომელთა წინააღმდეგ თავის დაცვა ძალიან ძნელია. მოჰამედ სალაჰი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც მჭიდრო სივრცეებში მსგავსი უნარებით გამოირჩევა და შეტევის უზუსტესად დაგვირგვინება შეუძლია. ის ზეწოლას არ გრძნობს და თქვენ ხედავთ, რომ ხვიჩა ჩუმი ბიჭია. მას წინ დიდი მომავალი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე მე-9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

გეტყვით იმასაც, რომ 22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები