„სკანდალს არ მოვაწყობდი“ - ბარძალი და მარელი ხვიჩას ეპიზოდზე
იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ აუტსაიდერი „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. DAZN-ის სტუდიაში ამ მომენტთან დაკავშირებით ყოფილმა არბიტრმა ლუკე მარელიმ და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა ანდრეა ბარძალიმ ისაუბრეს.
ანდრეა ბარძალი: „მარელიმ თქვა, რომ მსუბუქი კონტაქტი იყო, მაგრამ თუ მცირე შეხებაა და ფეხბურთელი ბალანსს კარგავს, ეს პენალტია. არ აღვშფოთდებოდი და სკანდალს არ მოვაწყობდი, თუ არბიტრი პენალტს დანიშნავდა“.
ლუკე მარელის აზრით, შესაძლოა თამაშის წესი ხვიჩა კვარაცხელიამ დაარღვია: „ჩემთვის ასეთი ეპიზოდი პენალტი არასდროს ყოფილა. მეტიც, შესაძლოა, თამაშის წესი შეტევაში დაირღვა. ასეთ კონტაქტზე მსაჯი აღარ უსტვენს, ასეთი ე.წ. პენალტების დრო წავიდა.
ყოველთვის ვიბრძოდი, რომ ასეთ მომენტებში მსაჯს სასტვენი არ გამოეყენებინა. შესაძლოა, ხვიჩას თამაშის წესი არ დაურღვევია, თუმცა არც პენალტი იყო“.
შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე 9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
22 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა „ნერაძურის“ თავისი 22-ე მატჩი ჯერ გასამართი აქვს და დღეს „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.