„შესანიშნავი ფეხბურთელია“ - რას ამბობს ნაპოლის კაპიტანი ხვიჩაზე
„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „კრემონეზესთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 3:0 მოიგო. ნეაპოლური გრანდის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია გოლით გამოირჩა და მატჩის შემდეგ, დი ლორენცომ DAZN-თან ქართველ ფეხბურთელზეც ილაპარაკა.
„ნაპოლის კაპიტნის სამკლავური ძალიან მძიმეა და გრძნობ, ის რა დიად ფეხბურთელებს უტარებიათ. რა მოხდა ჩემში, როცა კაპიტანი გავხდი? ყველამ ვიცით, რომ უცნაური ზაფხული გვქონდა, რასაც ბრწყინვალე სტარტი მოჰყვა. ყოველდღე თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა ამ სამკლავურის ტარება დავიმსახურო. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია.
სკუდეტო? ვიცით, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს და ამის დამალვას აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია და თითოეულ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. კვარაცხელიას რაც შეეხება, ის მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს. ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან გვეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში უკვე მე-9 გოლი შეაგდო და ამასთან, მას 9 საგოლე გადაცემაც აქვს. საერთო ჯამში, მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 11 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.