4 მედალი და გუნდური პირველი ადგილი - ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპის ღია პირველობაზე
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ტურნირის გამარჯვებულები დღევანდელ საშეჯიბრო დღეს +100 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილი და -81 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი გახდნენ.
დემეტრაშვილმა ფინალში უკრაინელი ევგენი ბალიევსკი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა, ჯაბნიაშვილმა კი ეგვიპტელ აბდელრაჰმან აბდელღანის მოუგო და მანაც ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
დღესვე, -100 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მიხეილ ჯაფარიძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ სედრიკ ოლივარს მოუგო.
ასევე გეტყვით, რომ გუშინ, ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული კოტე კაპანაძე გახდა, რომელმაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელი ალექსანდრუ რაიკუ დაამარცხა.
საგულისხმოა, რომ 4 მოპოვებული მედლით, ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი მეორე ადგილი ერგო.