ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი, ალექსანდრე იაშვილი, კრემონეზე, გია გურული
Aa
Aa

იაშვილისა და გურულის რეკორდის მოხსნის შანსი - ხვიჩა VS კრემონეზე

სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ აუტსაიდერ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. ლუჩანო სპალეტის გუნდის მეტოქეს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 1 შეხვედრაც არ მოუგია, 8 ქულით ბოლო ადგილზეა, თუმცა იტალიის თასიდან ჯერ სერია ა-ს ლიდერი „ნაპოლი“, შემდეგ კი ჟოზე მოურინიოს „რომა“ გამოთიშა.

ქართველების საფეხბურთო დაპირისპირება არ შედგება, „კრემონეზეს“ ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა თამაშისთვის ჯერ მზად არაა. სავარაუდოდ, 23-ე ტურში „ტორინოსთან“ გასვლით შეხვედრაში, როგორც მინიმუმ, განაცხადში ვიხილავთ (20 თებერვალი).

მას შემდეგ რაც „კრემონეზეს“ მთავარი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ლოჩოშვილს კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მასიმილიანო ალვინის წასვლისა და ბალარდინის გუნდის მოსვლის შემდეგ იტალიის თასის ორი და სერია ა-ს სამი შეხვედრა გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ და „კრემონეზე“ ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, თუმცა ლოჩოშვილსა და კვარაცხელიას სათასო შეხვედრაში არ უთამაშიათ.

სერია ა-ს მე-9 ტურში „კრემონეზე“ შინ 1:4 დამარცხდა, თუმცა სპალეტის გუნდისთვის ადვილი თამაში არ ყოფილა. პირველი ტაიმი პოლიტანოს გოლით სტუმრებმა მოიგეს, შესვენების შემდეგ დესერსმა ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთამდე 1:1 იყო, თუმცა დარჩენილ დროში „ნაპოლიმ“ სამი გოლი შეაგდო. ამ შეხვედრაში ქართველებმა სასტარტოში ითამაშეს, ხვიჩას აქტივში 1 საგოლე პასია, მე-3 გოლისას ლოსანოს გაატანინა.

მექსიკელი და ქართველი „კრემონეზესთან“ გატანილი მესამე გოლის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 17 მატჩში 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელებიდან ტოპ 5 ლიგაში მასზე მეტი გოლი ერთ სეზონში მხოლოდ გია გურულმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს. 

1992-93 წლების სეზონში საფრანგეთის ელიტარულ ლიგაში გია გურულმა 30 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდის გოლებმა „ლე ავრს“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა. ამ სეზონში მან „სტრასბურგს“, პსჟ-ს, „ლიონს“ (2), „მეცს“, „ნანტს“, „კაენს“, „ტულუზასა“ და „ტულონს“ გაუტანა.

2003-04 წლების სეზონში „იაშკამ“ „ფრაიბურგის“ რიგებში ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა, მის მიერ გამომუშავებული პენალტებიდან 3 გოლი გავიდა. ამ სეზონში „გლადბახთან“ 1 გოლი შეაგდო, „ვერდერთან“ დუბლი შეასრულა, „ვოლფსბურგთან“ ჰეთ-თრიკით დაეხმარა გუნდს. ასევე, ორი გოლი შეუგდო „ჰანოვერს“ და ერთი - „კიოლნს“. ისევე როგორც გია გურულის გოლებმა „ლე ავრს“, იაშვილის გოლებმა „ფრაიბურგს“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

ხვიჩამ მიმდინარე სეზონში დუბლი მხოლოდ სერია ა-ს მეორე ტურში „მონცასთან“ შეასრულა. თუ „კრემონეზესთან“ ორ გოლს შეაგდებს, გია გურულისა და ალექსანდრე იაშვილის რეკორდს მოხსნის.

ხვიჩას ჯერ „კრემონეზესთვის“ არ გაუტანია და 22-ე ტურში აუტსაიდერთან თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა ექნება, თუმცა კრემონული გუნდი ლიდერებთან საკმაოდ კარგად თამაშობს, დაცვითი ფეხბურთის ხარჯზე „მილანთან“ შინ ფრედ ითამაშა (0:0). „იუვენტუსთან“ საშინაო შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის გუნდი ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე მილიკმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ტურინელებს 3 ქულა მოუპოვა (0:1). 

 

სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ უმასპინძლებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი კრემონულმა გუნდმა იტალიის თასიდან გამოთიშა. „პარტენოპეის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, „კრემონეზესთან“ შეხვედრა პრინციპულია და გუნდს ქომაგთა მხარდაჭერა სჭირდება.

„ფიქრი ჩემპიონთა ლიგაზე? ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ ხვალინდელ მატჩზე ვიფიქროთ და დრო სხვა რაღაცებზე ფიქრში არ დავხარჯოთ. ჯერ კიდევ არ გვავიწყდება, რომ თასიდან „კრემონეზემ“ გამოგვთიშა.

ვიცით, რამდენად ძლიერია ჩვენი ხვალინდელი ოპონენტი. თუ კალენდარს შევხედავთ, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „კრემონეზესთან“ პირველი მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგეთ (1:4), მაგრამ ეს არ იყო ადვილი თამაში. KO-სთვის (კვარაცხელია-ოსიმენი) ეს შეხვედრა რთული იყო. „კრემონეზეს“ ფეხბურთელებმა იციან, როგორ დაიცვან თავი, როგორ მოახერხონ გადატვირთვა. მეტოქემ თასიდან გამოგვთიშა, ჩვენთვის ეს შეხვედრა პრინციპულია, ქომაგთა მხარდაჭერა გვჭირდება“.

შეგახსენებთ, სერია ა-ს 22-ე ტურში „ნაპოლი“ - „კრემონეზეს“ მატჩი 12 თებერვალს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„ნაპოლი“ „კრემონეზესთან“ მატჩის შემდეგ სერია ა-ს 23-ე ტურში „სასუოლოს“ ესტუმრება (17 თებერვალი), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ სტუმრად შეხვდება (22 თებერვალი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია
ტოპ 5 ფეხბურთელი ამ წუთისთვის - კვარა ერთ-ერთია