კალაძე, გულიტი, ლეაო - მილანმა ქართველის ლამაზი გოლი გაიხსენა
Twitter-ში „მილანის“ ოფიციალურმა გვერდმა საუკეთესო ხუთი გოლი დაასახალა, რომელიც „როსონერიმ“ „ტორინოს“ გაუტანა. სერია ა-ს 22-ე ტურში „მილანი“ ტურინულ კლუბს შეხვდა და ამ მატჩთან დაკავშირებით „ტორინოსთან“ დაპირისპირებებიდან 5 გოლი გამოარჩიეს.
რჩეულ ხუთეულში პირველ ადგილზე კახა კალაძის გოლია, რომელიც მან 2001-02 წლების სეზონში გაიტანა. სერია ა-ს 27-ე ტურში ანგარიში კახა კალაძემ გახსნა, კოზმინ კონტრას ჩაწოდების შემდეგ რთული ვითარებიდან ლამაზი გოლი შეაგდო. საბოლოოდ, ეს მატჩი „მილანმა“ 2:1 მოიგო, გამარჯვების გოლი მასიმო ამბროზინიმ გაიტანა.
ხუთეული ასეთია: 5. ადილ რამი (2014) 4. რაფაელ ლეაო (2021) 3. აგოსტინო დი ბარტოლომეი (1985) 2. რუდ გულიტი (1991) 1. კახა კალაძე (2002)
2001-02 წლების სეზონში კახა კალაძემ სერია ა-ში 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. „ტორინოს“ გარდა „პერუჯას“, „ვენეციასა“ და „ლეჩეს“ გაუტანა. საგოლე პასები „ინტერთან“, „ლაციოსთან“ და ჰელას „ვერონასთან“ (2) ჩაიწერა აქტივში.
კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. „მილანთან“ ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო (2002-03, 2006-07).