ფრანგი ჟურნალისტი: „ზურიკო ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“
ფრანგმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა, ხავიერ დუმერგიმ „ბორდოს“ ქართველ ფეხბურთელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. დუმერგის თქმით, ზურიკო ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ჟირონდელებს თამამად შეუძლიათ, მისი იმედი ჰქონდეთ.
„დავითაშვილი გუნდს ტექნიკურობას სძენს და საშუალებას აძლევს, შედარებით თავისუფალი ტაქტიკით იასპარეზოს. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში, ის ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ბორდოს თამამად შეუძლია, მისი იმედი ჰქონდეს.
როცა ზურიკო ბორდოში გადმოვიდა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ის კრეატიული მოთამაშეა, რომელსაც ყოველთვის უნდა, მეტოქეზე წავიდეს და სიზუსტე აკლია. დროთა განმავლობაში, მან პროგრესს მიაღწია, დაღვინდა, რაღაცების უფრო მარტივად კეთება დაიწყო და მთავარ მწვრთნელს საშუალება მისცა, მეტად თავისუფალი ტაქტიკა გამოიყენოს. ზურიკო თამაშს კარგად გრძნობს, ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა და ვიმედოვნებ, სტატისტიკას გააუმჯობესებს. ძირითადად, ეს გადამწყვეტ მომენტებში თამაშს ეხება“.
შეგახსენებთ, რომ „ბორდოს“ 39 ქულა აქვს და უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის. ზურიკოს გუნდი მე-3 ადგილზე იმყოფება და „სოშო“ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს. დავითაშვილი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, „ნიორის“ წინააღმდეგ გამართავენ.