ინდიანამ გადაწყვეტილება მიიღო - ბითაძე პეისერსში აღარ ითამაშებს
ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსის“ რიგებში აღარ ითამაშებს. ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, „პეისერსმა“ გოგას გაშვების გადაწყვეტილება მიიღო, ეს რამდენიმე საათში გაოფიციალურდება და ჯერჯერობით უცნობია, ბითაძე კარიერას სად გააგრძელებს.
Pacers are waiving Goga Bitadze, sources said. https://t.co/hNZWwIKgtS
— Shams Charania (@ShamsCharania) February 9, 2023
Yahoo-ს ცნობით, „ინდიანა“ თანახმა იყო, გოგას წარმომადგენლებთან ემუშავა და რომელიმე კლუბში გაეცვალა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მოხერხდა და იმედი ვიქონიოთ, რომ გოგა ახალ გუნდს მალე იპოვის. NBA-ის წესების მიხედვით, გუნდებს 48 საათი აქვთ, რათა ბითაძე გაიფორმონ და მისი გადაყვანა ნებისმიერ მათგანს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში ქართველს მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა. მან „ინდიანას“ რიგებში ბოლოს 21 იანვარს ითამაშა და „დენვერის" წინააღმდეგ პარკეტზე თითქმის შვიდი წუთი გაატარა. გოგას მეტოქის კალათისთვის არ შეუტევია, 3 მოხსნა მიითვალა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 8:43 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 ასისტი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება. მის გუნდს რაც შეეხება, „პეისერსს“ 25 მოგება და 31 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-12 პოზიციას იკავებს.