ბერნარდუ სილვა, სერხიო ბუსკეტსი, ანსუ ფატი, სოფიან ამრაბატი, იანიკ კარასკო
Aa
Aa

ბარსას სატრანსფერო გეგმები: ვინ წავა და ვინ მოვა? რთული ზაფხულის მოლოდინში

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მძიმე სამუშაოს ჩატარება მოუწევთ, თუ სურთ, რომ კლუბმა ახალი მოთამაშეები დაიმატოს და ამავდროულად ამჟამინდელ ლიდერებთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმონ.

Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსა“ ვალდებული იქნება ახალი სეზონისთვის სახელფასო ფონდი (ჭერი) შეამციროს. კერძოდ, საუბარია ჯამში 200 მილიონიან კლებაზე. ამას ლა ლიგა და მისი რეგულაციები ითხოვს. კლუბს კი საამისოდ ორი გზა აქვს: პირველი - გაზარდოს შემოსავლები, მეორე - ამჟამინდელ მოთამაშეებს შეუმციროს ხელფასები (ან ისინი გაყიდონ).

გუნდიდან შესაძლო წამსვლელები

კლუბში ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ბლაუგრანაში“ რამდენიმე მაღალანზღაურებადი მოთამაშის გაყიდვაზე უკვე მუშაობენ. მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

წყაროს თანახმად, ასეთ მოთამაშეთა შორის სიაში მოწინავე რიგებს სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ხორდი ალბა იკავებენ. კლუბმა შესაძლოა რობერტო საერთოდ გაუშვას, ისევე როგორც ალბა. ბუსკეტსის შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი ხელფასის დაკლება და კიდევ 1 სეზონით დარჩენა. ამ ვარიანტის გამოყენება ზემოხსენებულ 2 მოთამაშესაც შეუძლია, თუ მათი მხრიდან შესაბამისი სურვილი იქნება.

ასევე განიხილება ფრენკ კესისა და ანსუ ფატის გაყიდვაც. კესის გუნდში დარჩენა და თავისი სარგებლიანობის დამტკიცება სურს, თუმცა უფასოდ დამატებული კოტ დ’ივუარელის გაყიდვა „ბლაუგრანასთვის“ მომგებიანი იქნება. ფატი კი პირიქით, მიღებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა და წასვლა შესაძლოა თავადვე მოითხოვოს, რაზეც ალბათ კლუბს პრობლემა არ ექნება.

გამორიცხული არც რაფინიას გასხვისებაა, თუმცა ბრაზილიელთან მიმართებით ჯერჯერობით გარკვეული არაფერია. კლუბი მას ჯერ კიდევ აკვირდება და მისი იმედი აქვს. უსმან დემბელე და ფრენკი დე იონგი კი, ამ მომენტისთვის ხელშეუხებელთა სიაში იმყოფებიან.

შესაძლოა გუნდმა გაიფორმოს

რაც შეეხება პოტენციურ მომსვლელთა სიას, სოფიან ამრაბატი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად განიხილება, ისევე როგორც ბერნარდუ სილვა, რომელმაც უკვე პრაქტიკულად „სიტის“ დატოვება გადაწყვიტა.

შეტევაში პრიორიტეტს მარცხენა გარემარბის პოზიცია წარმოადგენს, სადაც ანსუ ფატის პოტენციურ შემცვლელად იანიკ ფერეირა-კარასკო მოიაზრება. „ბარსას“ ბელგიელის შეძენის უპირატესი უფლება აქვს და 15 მილიონად მას უპრობლემოდ დაიმატებენ.

ასევე განიხილება 17 წლის „ატლეტიკო პარანაენსეს“ ბრაზილიელი ცენტრფორვარდის ვიტორ როკეს გაფორმებაც, რომლის აგენტი კლუბის ლეგენდა დეკუა.

ამ მომენტისთვის „ბლაუგრანაში“ ასეთი ვითარებაა, თუმცა ზაფხულამდე შესაძლოა მოვლენათა განვითარება კიდევ შეიცვალოს. ერთი რამ კი ნათელია - კლუბში უკვე რთული ზაფხულისთვის ემზადებიან და მუშაობის პროცესი დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის ძმა: “ბარსელონაში დაბრუნებას არ ვაპირებთ“
მესის ძმა: “ბარსელონაში დაბრუნებას არ ვაპირებთ“