„საავადმყოფოში ვერ ვიპოვეთ“ - ატსუ ნანგრევებიდან არ ამოუყვანიათ
ლონდონის „ჩელსისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელის, კრისტიან ატსუს შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ, დაიწერა, რომ 31 წლის განელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა „ჰატაისპორის“ ექიმის, გურბეი კაჰვეჩის თქმით, რეალობა განსხვავებულია.
„როცა გავიგეთ სიახლე, რომ დორტიოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის მოსაძებნად წავედით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. ამ მომენტისთვის, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვთვლით, რომ სავუტ ტანერი (სპორტული დირექტორი) და კრისტიან ატსუ ნაპოვნი არ არიან“.
განელი ფეხბურთელის საკითხზე „ჰატაისპორის“ თავკაცმა, ვოლკან დემირელმაც ისაუბრა: „ატსუსა და სავუტის შესახებ სიახლე არაფერია. გგონიათ არ გეტყოდით მართლა საავადმყოფოში რომ გადაეყვანათ? ძალიან გთხოვთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გადარჩა, ნუ დაწერთ, რომ გადარჩა“.
ცნობისთვის, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა, ამჯერად 7.7 მაგნიტუდის. ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა.