ლუკა ლოჩოშვილი, ჯანლუკა ვიალი
Aa
Aa

ლოჩოშვილის მაისური აუქციონზე გაიყიდება - კრემონეზეს საქველმოქმედო კამპანია

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ ჯანლუკა ვიალის პატივსაცემად საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი 6 იანვარს გარდაიცვალა და „კრემომ“ გადაწყვიტა, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მაისურები, რომლებიც ფეხბურთელებს 9 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში, „ვერონასთან“ მატჩში ეცვათ, აუქციონზე გაიტანოს.

საქველმოქმედო კამპანია 7 თებერვალს დაიწყება და 21-ში დასრულდება, მიღებული თანხა კი „ვიალისა და მაუროს ფონდს“ გადაერიცხება. ეს ორგანიზაცია 2003 წელს, ჯანლუკა ვიალიმ და მასიმო მაურომ დააარსეს. მისი მიზანია, სიმსივნეს პრევენციას ხელი შეუწყოს, პაციენტებს მკურნალობაში დაეხმაროს და ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევას მხარი დაუჭიროს.

„კრემონეზეს“ მიხედვით, მაისურთა უმრავლესობა გარეცხილია და გამონაკლისი მხოლოდ სანტიაგო ასკასიბარის, ჯეკ ჰენდრის, ტომასო მილანეზესა და ლუკა ძანიმაკიას მაისურებია, რომლებსაც ფეხბურთელებმა ხელიც მოაწერეს. აუქციონი რამდენიმე ეტაპად გაიმართება. 7-დან 17 თებერვლამდე, მატეო ბიანკეტის, ლუკა ლოჩოშვილის, ლეონარდო სერნიკოლას, მიკელე კასტანიეტის, სირიელ დესერსის, ჯანლუკა საროს, ჯეკ ჰენდრის, ემანუელ აივუსა და ფრანკ ტსაჯუს მაისურები გაიყიდება, 14-დან 21 თებერვლამდე კი მსურველებს ალექს ფერარის, ემანუელე ვალერის, ასკასიბარის, ძანიმაკიას, მუჰამადუ სარის, მილანეზესა და სხვების მაისურების შეძენა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვიალი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1990 წლის მუნდიალის ბრინჯაოს პრიზიორი პანკრეასის სიმსივნეს ებრძოდა. მას დიაგნოზი 2021 წლის დეკემბერში დაუსვეს. სამწუხაროდ, ერთწლიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა. იგი „კრემონეზეს“ ყოფილი ფეხბურთელია და მის რიგებში 1980-დან 84 წლამდე თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეფე გიორგი“ - რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
„მეფე გიორგი“ - რას წერს ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე