მამუკელაშვილის 3 წუთი და 2 ქულა - მილუოკიმ ზედიზედ მერვედ მოიგო
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და „ბაქსი“ ვერც „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“ შეაჩერა. „მილუოკიმ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე, 24 ქულით იგებდა და საბოლოოდ 127:108 იმარჯვა.
სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მამუკელაშვილმა 3 წუთი და 41 წამი ითამაშა და 2 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. „მამუმ“ 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2 დაკარგვა ჰქონდა.
„მილუოკის“ რიგებში საუკეთესო ბრუკ ლოპესი იყო, რომელმაც 27 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. იანის ანტეტოკოუნმპოს ანგარიშზე 24 ქულა, 13 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ჯრუ ჰოლიდეიმ 20 ქულა მიითვალა, კრის მიდლტონი კი 13 ქულას დასჯერდა. „პორტლენდს“ 28 ქულით დემიენ ლილარდმა ულიდერა. ანფერნი სიმონსს 21 ქულა ჰქონდა, ჯოშ ჰარტი კი 14 ქულით გამოირჩა.
ამრიგად, „მილუოკის“ 37 მოგება და 17 წაგება აქვს და „ბოსტონ სელტიქსს“ მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება. „ბაქსი“ მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.