ნიკოლოზ ბასილაშვილი, კონსტანტ ლესტინი
Aa
Aa

წაგებათა სერია შეწყდა - ბასილაშვილმა მონპელიეში გაიმარჯვა

მონპელიეს 250-ქულიანი კატეგორიის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კონსტანტ ლესტინის დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში სამ სეტში 6:7 7:5 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში საქართველოს პირველი ნომერი ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ მეათე გეიმში ფრანგმა ბრეიკი შეასრულა და სეტი გადაარჩინა. საბოლოოდ ტაი-ბრეიკი, სადაც ლესტინი უკეთესი იყო და გაიმარჯვა.

მეორე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ნიკოლოზმა პირველივე გეიმში თავისი ჩაწოდება წააგო, მაგრამ მეოთხე გეიმში კონსტანტს ბრეიკი შეუსრულა და წონასწორობა აღადგინა. მერვე და მეცხრე გეიმში მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდებები გაცვალეს. გადამწყვეტ მომენტში კი ბასილაშვილმა ბრეიკი ისევ შეასრულა და 7:5 მოიგო.

მესამე სეტი ნიკოლოზმა საშინლად დაიწყო და უმალ თავისი ჩაწოდება წააგო. მეორე გეიმი კი მატჩში ყველაზე ხანგრძლივი და დაძაბული აღმოჩნდა. უამრავი ბრეიკ პოინტის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, ნიკოლოზმა ფრანგის კიდევ 2 ჩაწოდება მოიგო და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. დაპირისპირება 2 საათი და 32 წუთი გაგრძელდა.

მერვედფინალში ნიკოლოზი გრეგორი ბარერისა და ალექსანდერ ბუბლიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები