ნანგრევებიდან ამოიყვანეს - კრისტიან ატსუ ცოცხალია
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, რომელიც „ჰატაისპორში“ თამაშობს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას ნანგრევებში მოყვა. დიდი ხნის განმავლობაში მისი პოვნა არ ხერხდებოდა, მაგრამ ახლა ბრიტანული მედია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ კრისტიან ატსუ ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ის ცოცხალია. „ჰატაისპორის“ ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას უამრავი ტრავმა აღენიშნება და ასევე სუნთქვა უჭირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თურქეთში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 2600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 5 385 ადამიანი დაშავდა.
სამწუხაროდ, დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი მატულობს და ჯერჯერობით სიტუაციის დარეგულირება ვერ ხერხდება. ცნობისთვის, ატსუსთან ერთად გუნდის სპორტული დირექტორიც დაკარგულია და ამ მომენტისთვის მასზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ „ჰატაისპორში“ ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძეც ირიცხება, მაგრამ საბედნიეროდ მას არანაირი საფრთხე არ შექმნია.