მთელი საფეხბურთო კლუბი ნანგრევების ქვეშაა - ორი მოჭიდავე გარდაიცვალა
თურქეთში უმძიმესი მდგომარეობაა და მიწისძვრის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა ყოველწამიერად იზრდება. დაზარალებულთა შორის სპორტის სამყაროს წარმომადგენლებიც არიან და თურქული სპორტული გამოცემები მათ შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებენ.
Sabah-ის ცნობით, ადგილობრივი კლუბის, „მარასპორის“ ყველა წარმომადგენელი ნანგრევებშია მოყოლილი. ისინი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ჩამოინგრა და მაშველები მათ გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. Aspor-ის მიხედვით, კლუბის ერთი წარმომადგენლის პოვნა უკვე მოხერხდა.
Fanatik-ის ცნობით, ნანგრევებში მოჰყვა 14 ფრენბურთელი ქალი, რომლებიც „ჰატაის“ რიგებში თამაშობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იწერება. კატასტროფის შედეგად, დაზარალდა კიდევ ერთი კლუბი, „მალათია მეტროპოლიტენ ბელედიესპორი“, რომლის რამდენიმე ფრენბურთელიც, მაშველებმა ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
საშინელი ინფორმაცია გაავრცელა ლეგენდარულმა თურქმა მოჭიდავემ, ტაჰა აკგულმა. ამ უკანასკნელის თქმით, მიწისძვრის შედეგად, 14 და 15 წლის ორი მოჭიდავე გარდაიცვალა, ნანგრევების ქვეშ კი 30-40 მათგანი იმყოფება. მათთან ერთად, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებიც არიან.