ვალენსიას მხსნელი - AS-ი მამარდაშვილზე წერს და გიორგის აქებს
ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „ვალენსიას“ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ავტორი „მამარდას“ „ღამურების“ მხსნელს უწოდებს და მიმდინარე სეზონში, მის მიერ ნაჩვენებ ასპარეზობაზე წერს.
„2021 წლის ზაფხულში, გიორგი მამარდაშვილი მესტალიაზე იჯარის წესით გადავიდა და აბსოლუტურად უცნობი ფეხბურთელი იყო. ვალენსიას მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 800 000 ევროდ შეეძლო. ღამურებმა არჩევანი გააკეთეს და გიორგის გაუმჯობესებული ხელშეკრულებაც გაუფორმეს, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი სენსაციაა.
სილესენისა და ხაუმეს ტრავმების გამო, ბორდალასმა მას ნდობა გამოუცხადა და გასულ სეზონში, მამარდაშვილი ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა. გატუზოს დანიშვნის შემდეგ, ქართველმა გოლკიპერმა მესტალიის კარის მთავარი დარაჯის სტატუსი დაისაკუთრა და ყველა ტურნირზე თამაშობდა, ჯენაროს წასვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.
მატჩი არ გავა ისე, რომ მამარდაშვილმა ჩინებული სეივი არ მიითვალოს. გიორგის თავისი ოსტატური მოგერიებებით ვალენსია ბევრჯერ გადაურჩენია და ამას უკვე შეგვაჩვია. Google-ის საძიებო სისტემაში „მამარდაშვილი“ რომ ჩაწეროთ, ყველაზე ხშირად ასეთ შედეგებს შეხვდებით: „წარმოსაჩენი, ოსტატური, შესანიშნავი“... ეს ის ზედსართავი სახელებია, რომლებიც ვალენსიას მეკარის დასახასიათებლად გამოიყენება.
მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილი არის გოლკიპერი, რომელმაც ყველაზე მეტი გადამწყვეტი სეივი მიითვალა. გიორგის გამო, ღამურების მეტოქეებს გოლის გატანის 25 კარგი შანსი აქვთ გაფუჭებული, რაც ნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი 25 გოლისგან იხსნა. ამ მხრივ, მეორე ადგილზე ედგარ ბადია იმყოფება. ელჩეს მეკარეს იგივე 24-ჯერ აქვს გაკეთებული. გაშვებული გოლების გრაფას თუ ჩავხედავთ, რიცხვ 24-ს დავინახავთ, რაც ცუდი მაჩვენებელია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა გაშვებული გოლების რაოდენობა გოლკიპერის ხარისხს არ ასახავს. პირიქით, მისი მოგერიებების წყალობითაა, რომ ვალენსიას უფრო მეტი ბურთი არ აქვს მიღებული.
სეივების რაოდენობით მამარდაშვილი ლიგაში მეხუთეა და მის ანგარიშზე 65 მოგერიებული ბურთია. მასზე წინ ლედესმა, ბადია, მარტინესი და სორია იმყოფებიან. აშკარაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ვალენსიას რეგრესი აქვს და ეს მეკარის სტატისტიკაზეც აისახა. მუნდიალის შემდეგ, ღამურებმა 6 მატჩი ჩატარეს და მამარდაშვილმა 25 სეივი მიითვალა. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ შეხვედრაში, 4-ზე მეტ სეივს აკეთებს და ამ მხრივ, მასზე წინ მხოლოდ ლედესმა იმყოფება - 29. ვალენსია ცუდ მდგომარეობაშია და მამარდაშვილი რომ არა, ყველაფერი უარესად იქნებოდა, რადგან თამაშიდან თამაშამდე, იგი თავისი ბრწყინვალე ასპარეზობით მეტოქეებს გოლის გატანის საშუალებას არ აძლევს. ტერ შტეგენთან, ობლაკთან და კურტუასთან ერთად, ის ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორისაა“, - წერს AS-ი.
ცნობისთვის, მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 20-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა. კარი მშრალად მხოლოდ სამ შეხვედრაში შეინახა, თუმცა გუნდი გოლისგან ბევრჯერ იხსნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ესპანეთის თასის სამ მატჩში ითამაშა, გოლი ორ შეხვედრაში არ გაუშვია.