„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეცია“ 0:3 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში კვარა ორივე გუნდის განმავლობაში გამორჩეული იყო და თავი ერთი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიურმა მედიამ შეაფასა:
Onefootball – 8 ქულა: როცა ბურთი ფეხთან აქვს, ყოველთვის რაღაც სილამაზის გამოგონებას ახერხებს. პენალტის დროს ნამდვილი მყინვარი იყო, შემდეგ კი ნიგერიელ ფორვარდს შოკოლადი მიართვა. ჯადოქარია.
Areanapoli – 7 ქულა: თავიდან აშკარად დამუხრუჭებულმა დაიწყო, როგორც მთელმა გუნდმა, მაგრამ როდესაც ბურთით არის, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს გვთავაზობს, ეს აპლოდისმენტებს იწვევს.
Corrieredellosport – 7.5 ქულა: ქართული ნიჭი, რომელსაც როდესაც შანსი ეძლევა, ყოველთვის ცეცხლოვანია. 37-ე წუთზე მას პირველი მცდელობა ჰქონდა, როდესაც ბურთმა მცირე მანძილით აცდა კარის ძელს. მეორე ტაიმის სტარტზე მან დრაგოვსკის მოუგო დუელი . „ნაპოლის“ 77-ე ნომერმა გულუხვობაც გამოაჩინა, როდესაც მესამე გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემით ოსიმენს დუბლისგან გამოწვეული სიხარული მიანიჭა.
21 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 56 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „კრემონეზეს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.