„ცოტა უხერხული ისტორიით უნდა დავიწყო. იმიტომ, რომ ხანდახან მეშინია, რომ გარე სამყარო ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ისე უყურებს, თითქოს ღმერთები ვართ. როგორც ქრისტიანს, მე მხოლოდ ერთი ღმერთის მწამს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ღმერთს ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვმარცხდებით. და როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ბევრჯერ დავმარცხდი..
ერთ-ერთი ასეთი ამბავი..
დავუბრუნდეთ 2011 წელს. ჩემი „დორტმუნდი“ სტუმრად „ბაიერნს“ ხვდებოდა. ეს დიდი მატჩი იყო.. 20 წლის განმავლობაში გუნდს მიუნხენში მოგებული არ ჰქონდა.. შთაგონებას ძირითადად ფილმებიდან ვიღებ. ასე რომ, როდესაც ფეხბურთელებისთვის მოტივაციის მიცემა მინდებოდა „როკი ბალბოას“ ვიხსენებდი.. ვფიქრობ, ამ ფილმის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილს სკოლებში უნდა აჩვენებდნენ..
ეს ანბანის სწავლას უნდა ჰგავდეს. თუ „როკის“ უყურებ და მთის მწვერვალზე ასვლა არ გინდება, ესეიგი რაღაც პრობლემა გაქვს..
„ბაიერნთან“ მატჩის წინა საღამოს ჩემი ფეხბურთელები სასტუმროში შევკრიბე. მათ სრული სიმართლე ვუთხარი: „როდესაც ბოლოს „დორტმუნდმა“ „ბაიერნი“ სტუმრად დაამარცხა ბევრი თქვენგან ჯერ კიდევ პამპერსში ისაქმებდა.“
შემდეგ ეკრანზე „როკი 4-დან“ ერთ-ერთი სცენა ჩავრთე, სადაც ივან დრაგოც მონაწილეობს. ეს ჩემი აზრით კლასიკაა. დრაგო სავარჯიშო დარბაზში ვარჯიშობს და მას მეცნიერები სწავლობენ.
ბიჭებს ვუთხარი: „ხედავთ? მიუნხენის „ბაიერნი“ ივან დრაგოა. ყველაფერში საუკეთესო! საუკეთესო ტექნოლოგია! საუკეთესო მანქანა! ის შეუჩერებელია!..“
შემდეგ ჩავრთე ეპიზოდი, რომელშიც როკი ციმბირში, თავის პატარა ხის კაბინაში ვარჯიშობს. ის ფიჭვის ხეებს ჭრის, თოვლში მორებს ატარებს და მთის მწვერვალზე გარბის..
„ხედავთ? ეს ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ როკი. ჩვენ უფრო პატარები ვართ, მაგრამ გვაქვს ვნება! ჩემპიონის გული გვაქვს! შეუძლებელი შეგვიძლია გავაკეთოთ!!“
ბევრს ვლაპარაკობდი, არ ვჩუმდებოდი. ჩემი ბიჭების რეაქცია მაინტერესებდა. ველოდი, რომ ისინი ფეხზე ადგებოდნენ.. მეგონა მზად იყვნენ ციმბირში მთაზე ასასვლელად..
მაგრამ ყველა იქ მჯდომი მკვდარი და გაყინული თვალებით მიყურებდა..
სრულიად ცარიელი..
ისე მიყურებდნენ, თითქოს გიჟი ვიყავი..
შემდეგ გავიაზრე, რომ „როკი ბალბოა“ 80-იან წლებში გამოვიდა და ეს ბიჭები როდის იყვნენ დაბადებულები?
მე ვთქვი: „აწიეთ ხელი ვინც იცით ვინ არის როკი ბალბოა?“
ხელი მხოლოდ ორმა აწია. სებასტიან კელმა და პატრიკ ოვომოელამ..
ყველა დანარჩენი: „არა ბოს, სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით..“
სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, ჩემი გამოსვლა აბსოლუტური სისულელე აღმოჩნდა. ზოგისთვის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო და მწვრთნელი მათ საბჭოთა ტექნოლოგიაზე და ციმბირზე ელაპარაკება.. ჰაჰაჰა, ამის დაჯერება შეგიძლიათ?
მთელი ჩემი გამოსვლა ახლიდან უნდა დამეწყო..
ხედავთ? ეს რეალური ამბავია. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ცხოვრებაში.. ჩვენი ადამიანები ვართ.. მეგონა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამამხნევებელ სიტყვას ვამბობდი, მაგრამ სრული სისულელე აღმოჩნდა. მაგრამ მეორე დილით მაინც ავდექით და სათამაშოდ წავედით..
იცით რა არის ამ ამბის ყველაზე უცნაური ნაწილი?
სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ მოვიგეთ, თუ წავაგეთ ის მატჩი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ როკი ბალბაოზე და ივან დრაგოზე 2011 წელს ვისაუბრე, იქამდე, სანამ ჩვენ 3:1-ს მოვიგებდით. ეს კი ამ ისტორიას ბევრად უკეთესს ხდის, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ..
ეს არის ერთი რამ ფეხბურთში, რომელიც ხალხს ყოველთვის არ ესმის..
შედეგები გავიწყდება.. ყველაფერი ერთმანეთში ირევა..
მაგრამ ის ბიჭები და ის დრო ჩემს ცხოვრებაში.. ის პატარა ისტორიები.. არასოდეს დავივიწყებ მათ!
ჩემთვის დიდი პატივია FIFA-ს წლის საუკეთესო მამაკაც მწვრთნელად დასახელება, მაგრამ სცენაზე მარტო დგომა არ მიყვარს. ყველაფერი, რასაც მივაღწიე ჩემს ირგვლივ მყოფთა დამსახურებაა. არა მხოლოდ ფეხბურთელების.. ჩემი ოჯახი, შვილები და ყველა ვინც ჩემთან ერთად იყო მაშინ, როდესაც მე ძალიან უბრალოდ და უცნობი ადამიანი ვიყავი..
სიმართლე გითხრათ, 20 წლის ასაკში ვინმე მომავლიდან, რომ მოსულიყო და ეთქვა, თუ რა გზას გავივლიდი არ დავუჯერებდი..
როდესაც 20 წლის ვიყავი, ცხოვრებაში განვიცადე ისეთი მომენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მამა გავხდი. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ეს იდეალური დრო არ იყო. სამოყვარულო ფეხბურთს ვთამაშობდი და დღისით უნივერსიტეტში დავდიოდი. სწავლის ფული რომ გადამეხადა, საწყობში ვმუშაობდი, რომელშიც კინო-თეატრის ფილმებს ინახავდნენ. მე არ ვსაუბრობ DVD დისკებზე. 80-იანი წლების მიწურული იყო და ყველაფერი ჯერ კიდევ ფირებზე იყო.
სატვირთოები დილის 6 საათზე მოდიოდნენ და ჩვენ უზარმაზარი მეტალის კასრებით ვტვირთავდით. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო..
ყოველდღე დილის 5 საათზე ვიღვიძებდი, სამსახურში მივდიოდი და შემდეგ უნივერსიტეტში.. მერე სახლში ვბრუნდებოდი და ვცდილობდი ჩემს შვილთან ცოტა დრო გამეტარებინა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, მაგრამ ამ ყველაფერმა ცხოვრებაზე ბევრი რამ მასწავლა..
პატარა ასაკში სერიოზული პიროვნება გავხდი. მეგობრები ხშირად მეპატიჟებოდნენ პაბში დასალევად და ჩემი სხეულის ყველა ძვალს სურდა ეთქვა: „დიახ მეც მინდა წამოსვლა და თქვენთან ერთად გართობა“..
მაგრამ არ შემეძლო.. მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ ვცხოვრობდი. ჩვილ ბავშვებს არ აინტერესებთ, რომ დაიღალე და შუადღემდე გინდა დაძინება..
როდესაც პატარა ადამიანზე ღელავ, რომელიც სამყაროში შენ მოიყვანე ყველაფერი იცვლება. ამაზე რთული არაფერია. რაც არ უნდა მოხდეს სტადიონზე, ამას ვერაფერი შეედრება..
ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ვიღიმი, თუნდაც წაგებული მატჩის შემდეგ.. ეს იმიტომ, რომ, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა მივხვდი ფეხბურთი არ არის სიცოცხლე და სიკვდილი.. ფეხბურთი არ არის ის, რაც უბედურებას და სიძულვილს უნდა ავრცელებდეს.. ფეხბურთი უნდა იყოს შთაგონება და სიხარული, განსაკუთრებით ბავშვებისთვის!!
ნათლად ვხედავ რა შეუძლია ერთ პატარა ბურთს ჩემი ფეხბურთელების სიხარულისთვის.. ისეთი მოთამაშეების კარიერა, როგორებიც სალაჰი, მანე და ფირმინო არიან აბსოლუტურად წარმოუდგენელია.. სიძნელეები, რომლებსაც მე გერმანიაში ახალგაზრდობაში წავაწყდი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ გამოიარეს.. უამრავი მომენტი იყო, როცა დანებება შეეძლოთ, მაგრამ უარი თქვეს და წინსვლა განაგრძეს!!
ისინი არ არიან ღმერთები.. ისინი უბრალოდ არასდროს თმობდნენ თავიანთ ოცნებებს..
ვფიქრობ, ფეხბურთის 98% არის მარცხთან გამკლავება და მეორე დღეს თამაშში ღიმილის და სიხარულის პოვნა..
ჩემს შეცდომებზე თავიდანვე ვსწავლობდი.. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი სამუშაო, რომელიც „მაინცში“ მივიღე. იქ 10 წელი ვთამაშობდი. პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელი ჩემი მეგობარი იყო. მათი უფროსი ვიყავი, მაგრამ მაინც კლოპოს მეძახდნენ..
როდესაც პირველი მატჩისთვის შემადგენლობა შევარჩიე ვფიქრობდი, რომ თერთმეტივე ფეხბურთელისთვის პირადად უნდა მეთქვა..
ეს ძალიან ცუდი გეგმა იყო, რადგან იმ სასტუმროში, სადაც ჩვენ ვიყავით გაჩერებული, სულ 2-ადგილიანი ნომრები იყო..
წარმოიდგინეთ, შევდივარ ნომერში და 2 ფეხბურთელი წევს. მე კი მხოლოდ ერთს ვეუბნები, რომ ძირითად შემადგენლობაშია..
მივხვდი, რომ სულელური გეგმა იყო, რადგან მეორე მოთამაშემ თვალებში ჩამხედა და მითხრა: „მაგრამ კლოპო რატომ არ ვარ მე შემადგენლობაში?“
უმეტეს შემთხვევაში ამაზე პასუხი არ არსებობს. ერთადერთი რეალური პასუხია: „ჩვენ მხოლოდ 11 ფეხბურთელით შეგვიძლია თამაში.“
სამწუხაროდ, ამის გაკეთება რვაჯერ მომიწია..
ყოველ ჯერზე პასუხი იგივე იყო: „მაგრამ კლოპო რატომ?“
ეს მტანჯველი პროცესი იყო..
ჩემი, როგორც მწვრთნელის ყველაზე დიდი ტრიუმფიც კი კატასტროფის შედეგად დაიბადა..
ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ 0:3-ის წაგება ყველაზე ცუდი შედეგი იყო, რომლის წარმოდგენაც შეიძლებოდა.. როდესაც მეორე მატჩისთვის ვემზადებოდით, ფეხბურთელებს პირდაპირ და მკაფიოდ დაველაპარაკე. ამჯერად როკი და დრაგო აღარ მიხსენებია. ძირითადად ტაქტიკაზე ვსაუბრობდი, მაგრამ მათ სიმართლე ვუთხარი:
„გარე სამყარო ამბობს, რომ ჩვენ ორი საუკეთესო თავდამსხმელის გარეშე გვიწევს თამაში. ისინი ამბობენ, რომ ფინალში გასვლა შეუძლებელია. გულწრფელები ვიყოთ, ეს თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მე თქვენ მყავხართ!! და რადგან თქვენ მყავხართ შანსი გვაქვს!!“
ამის მართლა მჯეროდა. ეს არ ეხებოდა მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს. საუბარი იყო იმაზე, თუ ვინ იყვნენ ისინი, როგორც ადამიანები და რა გადალახეს ცხოვრებაში..
ბოლოს ვთქვი: „თუ ვერ გავიმარჯვებთ, მოდი ლამაზი გზით დავმარცხდეთ.“
რა თქმა უნდა, ჩემთვის ამ სიტყვების თქმა ადვილია. მე ვარ ბიჭი, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ყვირის.. ფეხბურთელებისთვის ამის გაკეთება გაცილებით რთულია.. ჩვენი თავის და „ენფილდზე“ შეკრებილი 54 000 ადამიანის გამო, შეუძლებელი გავაკეთეთ!!
ფეხბურთში ერთ-ერთი მშვენიერი რამ ის არის, რომ მარტო არაფრის გაკეთება არ შეგიძლია..
სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი მომენტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ვერ ვნახე. შესაძლოა ეს კარგი მეტაფორაც იყოს ფეხბურთის მწვრთნელის ცხოვრებაზე, მაგრამ მე საერთოდ ვერ მივადევნე თვალი წმინდა გენიოსის ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის კუთხურის ჩაწოდებას..
დავინახე, რომ ბურთი კუთხურზე გადავიდა..
ისიც დავინახე, რომ ჩასაწოდებლად ტრენტი წავიდა, რომელსაც შაქირი მიჰყვებოდა..
უკან შევტრიალდი, რადგან შეცვლას ვამზადებდი. იმ მომენტის გახსენებისას დღემდე გული მეკუმშება.. ხმაური გავიგე..
მოედნისკენ შევტრიალდი და დავინახე, რომ ბურთი კარში შევიდა..
ბენ ვუდბარნმა მკითხა: „რა მოხდა“?
მე: „წარმოდგენა არ მაქვს.“
„ენფილდი“ აფეთქდა. არაფრის ხმა არ ისმოდა. ძლივს გავიგე ჩემი თანაშემწის ხმა. ის მეკითხებოდა ვაპირებდი, თუ არა ისევ ფეხბურთელის შეცვლას..
წარმოგიდგენიათ? 18 წელი მწვრთნელის რანგში და კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გამომრჩა. ორიჯის გოლი დაახლოებით 500 000-ჯერ მაინც ვნახე ვიდეოს საშუალებით, მაგრამ პირადად მხოლოდ ის დავინახე, როგორ შედიოდა ბურთი კარში..
მატჩის შემდეგ, ლუდიც კი არ დამილევია. გასახდელში წყლის ბოთლით ხელში ჩუმად ვიჯექი და ვიღიმოდი. ეს იყო გრძნობა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ.. სახლში მისულს ოჯახის წევრები და მეგობრები დამხვდნენ. მათ დიდი წვეულების გამართვა სურდათ, მაგრამ ემოციებისგან იმდენად ვიყავი დაცლილი, რომ ოთახში ავედი და დავწექი. ჩემი სხეული და გონება სრულიად ცარიელი იყო..
იმ ღამეს, ცხოვრებაში ყველაზე კარგად მეძინა..
საუკეთესო მომენტი იყო მეორე დილით გაღვიძება და გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა..
ჩვენ ივან დრაგოს მართლა დავარტყით.. ეს რეალური იყო..
ამაზე ივნისის თვიდან ვფიქრობ. მაშინ ჩემპიონთა ლიგის თასი ლივერპულის ქუჩებში გავიტანეთ. იმ დღის ემოციების აღსაწერად სიტყვები ახლაც არ მაქვს.. ქალაქში ავტობუსით გადავადგილდებოდით და ყოველ ჯერზე, როდესაც გვეგონა, რომ ხალხის ნაკადი შეწყდებოდა, ახალ მოსახვევში უამრავი ადამიანი ემატებოდა. აღლუმი დაუსრულებლად მომეჩვენა.. იმ დღის ემოციების და გრძნობების ბოთლში ჩასხმა, რომ შეიძლებოდეს, სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა..
ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, მაგრამ მსურს გაცილებით მეტი გავაკეთო და დავუბრუნო მსოფლიოს!!
120-ზე მეტმა ფეხბურთელმა თავისი შემოსავლის გარკვეული ნაწილი მთელს მსოფლიოში საფეხბურთო არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად დათმო. ამაში მონაწილეობის მიღება მეც მინდოდა და ჩავერთე. ჩვენ ისეთ ქვეყნებში ვუწყობთ ფეხბურთის განვითარებას ხელს, როგორებიც სამხრეთ აფრიკა, ზიმბაბვე, კამბოჯა, ინდოეთი და კოლუმბია არიან..
იცით? ამას მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელები არ აკეთებენ. კანადის ქალთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც ჩართულია.. როგორ შეიძლება ამით შთაგონება არ იგრძნოთ? ეს არის ფეხბურთი!!
მინდა, რომ ამის ნაწილი ვიყო. ამიტომ ჩემი ხელფასის 1%-ს სხვადასხვა ორგანიზაციებში ვრიცხავ. იმედი მაქვს, საფეხბურთო სამყაროში კიდევ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება..
მოდით ვიყოთ გულახდილები. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა!! პრივილეგირებული ადამიანების პასუხისმგებლობაა დავუბრუნოთ ბავშვებს რაღაც მთელს მსოფლიოში. მათ უბრალოდ შანსი სჭირდებათ!!
არ უნდა დაგვავიწყდეს როგორი იყო ცხოვრება, როდესაც რეალური პრობლემები გვქონდა.. საფეხბურთო მატჩის წაგება რეალური პრობლემა არ არის. ვფიქრობ, ამ სპორტს უფრო დიდი მიზნები უნდა ჰქონდეს, ვიდრე შემოსავალი და ტიტულები..
უბრალოდ დაფიქრდით, რისი მიღწევა შეგვიძლია, თუ ჩვენ ყველანი ჩვენი შემოსავლის 1%-ს მსოფლიოში პოზიტიური ცვლილებებისთვის გამოვიყენებთ. შეიძლება გულუბრყვილო ვარ ან მოხუცი გიჟი მეოცნებე..
მაგრამ ვისთვის არის ეს თამაში?
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს თამაში მეოცნებეებისთვის არის..“ - მე იურგენ კლოპი ვარ