„კაზემიროს თავი UFC-იდან ეგონა, ის უნდა დააპატიმრონ, ამას ბავშვები უყურებდნენ“
გაბრიელ აგბონლაჰორმა კომენტარი გააკეთა კაზემიროს გაძევების ეპიზოდზე, რომელიც ამჟამად ინტერნეტჰიტია.
„კაზემიროს ეგონა, რომ ის UFC-იდან ბროკ ლესნარი იყო. იმის გამო, რომ ის ჰიუზს ახრჩობდა, ბრაზილიელი უნდა დააპატიმრონ.
ამ მატჩს ბავშვები უყურებდნენ და ნახავდნენ, როგორ ახრჩობს კაზემირო მეტოქეს. ამერიკაში ჰოკეი არის, სადაც თამაშის დროს ჩხუბობენ. ჩვენ ფეხბურთში ეს არ გვჭირდება.
მანჩესტერ იუნაიტედმა კაზემირო უნდა დასაჯოს“,
- განაცხადა „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფორვარდმა.
კაზემირომ „კრისტალ პალასის“ მოთამაშეს უილ ჰიუზს კისერში ხელები მოუჭირა და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიარა.
ტენ ჰაგი კაზემიროს ქმედებაზე
ერიკ ტენ ჰაგმა „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ კაზემიროს გაძევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიდეო რეფერის მეტოქე გუნდის მოთამაშეც უნდა გაეძევებინა, თუმცა VAR-ზე ეს არ გადამოწმებულა.
„დიახ, კაზემირო ჩარჩოებს გასცდა, თქვენ ეს ნახეთ. მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ არათანმიმდევრული მსაჯობით - არა მხოლოდ ამ თამაშში, არამედ ზოგადად პალასთან მიმართებით. მათ იდაყვი მოარტყეს მარტინესს და გასულ კვირას ერიქსენს.
ბევრმა სხვა მოთამაშემ გადაკვეთა ხაზები, მათ შორის კრისტალ პალასის ზოგიერთმა ფეხბურთელმა. VAR-ი კი მათ ქმედებებში არ ერეოდა“,
- განაცხადა ტენ ჰაგმა.