გოლი და საგოლე პასი - ჭანტურიშვილის შედეგიანი მატჩი ჩეხეთში
ჩეხეთის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურში „იაბლონეცისა“ და „ზლინის“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე „ზლინის“ ქართველმა შემტევმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა. 52-ე წუთზე ქართველის საგოლე გადაცემით მარტინ ფილომ ანგარიში ორამდე გაზარდა.
„ზლინმა“ ორბურთიანი უპირატესობა მატჩის დარჩენილ დროში გაანიავა, 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი ვერ გამოიყენა, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
16-გუნდიან ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 ქულით მე-15 ადგილზეა, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
29 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. „ზესტაფონისა“ და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი 2019 წლის ზამთრიდან ჩეხური გუნდის ღირსებას იცავს. მას ასევე უთამაშია უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და სლოვაკურ ტრნავის „სპარტაკში“.