სამწვრთნელო შტაბის ნაწილს ვარჯიშებზე გრინვუდის დაბრუნება არ სურს
ჯერჯერობით უცნობია ითამაშებს თუ არა მეისონ გრინვუდი „მანჩესტერ იუნაიტედში“.
როგორც მოგეხსენებათ, 2 იანვარს მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს. ინგლისელი შემტევი გასული წლის იანვარში დააკავეს და მას გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.
გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებდა გრინვუდი ვარჯიშებზე დაეშვა და მას ძირითად გუნდთან ერთად დრო გაეტარებინა.
შემდეგ Sky Sports-მა დაწერა, რომ „წითელი ეშმაკები“ არ აპირებენ, გრინვუდი მატჩებზე ან ვარჯიშებზე დაუშვან მანამ, სანამ შიდა გამოძიება არ დასრულდება. ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე შეატყობინეს და გრინვუდი მოვლენების განვითარებას ელოდება.
ამ ყველაფრის ფონზე კლუბში აზრთა სხვადასხვაობაა - ზოგს გრინდვუდის დაბრუნება სურს, ზოგი კი ამის წინააღმდეგია.
The Guardian-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შტაბის მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს, რომ გრინვუდმა კლუბში კვლავ ითამაშოს. სხვები თვლიან, რომ ფეხბურთელზე ზრუნვა აუცილებელია, რადგან ის კლუბში 7 წლიდან იყო და მას ყველა ბრალდება მოუხსნეს.
კლუბი აწარმოებს შიდა გამოძიებას და გააანალიზებს, შეინარჩუნოს თუ არა ფეხბურთელი. „იუნაიტედი" შეაფასებს სიტუაციის გავლენას კლუბის ბრენდზე და სპონსორებთან ურთიერთობაზე.
შეგახსენებთ, რომ გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბრიტანული პოლიცია ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.