ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში, ლაშა დვალის, ბუბა დაუშვილისა და გიორგი ქვილითაიას „აპოელი“ „აპოლონს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა 3:1 იმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ქვილითაიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავიც გამოიჩინა. შეხვედრის 49-ე წუთზე, როცა „აპოელი“ მინიმალური ანგარიშით მარცხდებოდა, ქვილითაიამ პენალტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. სამწუხაროდ, გოლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გიორგიმ ზურგი დაიზიანა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ქვილითაიას გასვლის შემდეგ, „აპოელმა“ ორი გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე, ნდონგალამ საკუთარი გუნდი დააწინაურა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ელ ფარდუ ბენმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დაუშვილმა და დვალმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.
ამრიგად, „აპოელს“ 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. ქართველების კლუბი „აეკ ლარნაკას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ამ უკანასკნელს ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.