მირანჩუკი: „ხვიჩას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, ანტონ მირანჩუკმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 27 წლის გარემარბმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა „კვარა“ „ლოკომოტივის“ რიგებში თამაშობდა და განაცხადა, რომ ქართველს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია.
„მახსოვს, შეკრებაზე ვიყავით, როცა კვარაცხელია ლოკომოტივში გადმოვიდა. ჩანდა, რომ სუპერნიჭიერი ბიჭი გახლდათ და ბურთით ყველაფრის გაკეთება შეეძლო, თუმცა არასაჭირო დაკარგვები ჰქონდა და ეს თვალში გვხვდებოდა. კვარაცხელია თავის სტიქიაში აღმოჩნდა და არ მიკვირს, წარმატებას რომ მიაღწია“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
კვარაცხელიას გუნდს რაც შეეხება, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ნეაპოლურ გრანდს მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს ელის და „სპეციას“ დაუპირისპირდება, რომელიც 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.