„ლოჩოშვილი არ ითამაშებს, რთულ სიტუაციაში ვართ“ - ამბობს კრემონეზეს თავკაცი
„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ბალარდინიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და „ლეჩესთან“ ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ლუკა ლოჩოშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ ის გუნდს ვერ დაეხმარება.
„იცვლება თუ არა კრემონეზე თასისა და ჩემპიონატის თამაშებში? პირადად ჩემთვის, არაფერი იცვლება. ალბათ, ჩემპიონატში განსხვავებული დაძაბულობაა, მაგრამ კრემონეზეს ხარისხი, როგორც თასზე, ისე სერია A-ში, ერთნაირია. ლეჩესთან მატჩს რაც შეეხება, ლოჩოშვილი, კვალიატა, აჩელა და ბუონაიუტო ვერ დაგვეხმარებიან. ყველა სხვა ფეხბურთელი ითამაშებს.
სამწუხაროდ, ფაქტია, რომ თასზე კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ჩემპიონატში პრობლემები გვაქვს. ვიცით, რომ კარგი მატჩის ჩატარება ენერგიას მოითხოვს და დროა, ძალები აღვიდგინოთ. ისეთ მდგომარეობაში ვართ, ჩვენი მოვალეობაა, ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და რომასთან გამართული დაპირისპირება წარსულში დავტოვოთ“.
შეგახსენებთ, რომ „კრემონეზეს“ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „კრემო“ სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მე-17 პოზიციაზე მყოფ „სპეციას“ 10 ქულით ჩამორჩება.