ქობულეთის შუქურა, აიეტ კუკავა
Aa
Aa

„ვეცდებით, ობსტრუქციას კარგი თამაშით ვუპასუხოთ“ - აიეტ კუკავას განცხადება

ქობულეთის „შუქურა“ კლუბის მფლობელისა და პრეზიდენტის, აიეტ კუკავას განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ შემდეგ სეზონში ქობულეთური გუნდი საშინაო მატჩებს ბოლნისში, „თამაზ სტეფანიაზე“ გამართავს. აიეტ კუკავა ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. განცხადების ბოლოს კუკავა აღნიშნავს, რომ „შუქურას“ ქომაგებით, რომლებიც საშინაო მატჩების ბოლნისში გამართვის წინააღმდეგნი არიან, გარკვეული პირები მანიპულირებენ, თუმცა კუკავა მათ ვინაობას არ ასახელებს.

აიეტ კუკავას განცხადება

"დღეს დაიწყო მორიგი უსაფუძვლო და გამიზნული კამპანია ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ. საუბარია იმ იძულებით არჩევანზე, რომ დროებით საშინაო თამაშები ჩავატაროთ ბოლნისის "სიონის" სტადიონზე. ეს თურმე ზოგის აზრით საკუთარი ქალაქის ღალატია. მოდით, ვნახოთ სინამდვილეში რა ხდება. ამ ეტაპზე ჩვენს მშობლიურ "ჩელე არენაზე" მატჩების ჩატარება გამორიცხულია, რადგან გაზონი სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სერიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ასევე ამ მომენტისთვის შეუძლებელია სავარჯიშო პროცესის წარმართვა კლუბის გამგებლობაში მყოფ "ბობოყვათის" მოედანზე, სადაც ასევე ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები. ეს ყველაფერი სფეროს სპეციალისტების მიერ უკვე დაგეგმილია, იწყება ორივე მინდვრის საფარის რეაბილიტაცია და უკვე აპრილის მიწურულს, მაისის დასაწყისში ორივე ეს მოედანი მწყობრში ჩადგება.

დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ დროებით მოგვეძებნა რომელიმე არენა. რა მდგომარეობაა ამჟამად ამ თვალსაზრისით მთელს საქართველოში? სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტთან კონსულტაციისას გაირკვა, რომ ამჟამად ზღვისპირეთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშების ჩატარება არ არის შესაძლებელი არც ანგისას ბაზაზე, არც ფოთის სტადიონზე, რადგან ლიცენზირების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

რჩება მხოლოდ ბათუმის მთავარი სტადიონი, რომლის არენდის გადასახადიც 1 მატჩზე 25 ათასი ლარის ფარგლებშია. დასავლეთ საქართველოში არსებული შესაბამისი არენებიდან ქუთაისის სტადიონი რემონტშია, რის გამოც "ტორპედო" ზესტაფონში თამაშობდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ესეც შეუძლებელი გახდა და ქუთათურებმა სამტრედიას მიაშურეს, სადაც ამ სტადიონს "სამტრედიასთან" ერთად გაიყოფენ. მეტი ლიცენზირებული არენა დასვლეთ საქართველოში არ არის, ჩვენ კი ამ დუეტს ვერ შევუერთდებით, რადგან ერთ სტადიონზე ფედერაცია მხოლოდ ორი გუნდის მასპინძლობის უფლებას იძლევა (კალენდარის დაგეგმვის საკითხებიდან გამომდინარე).

აღმოსავლეთ საქართველოში მოთხოვნებს აკმაყოფილებს გორის სტადიონი, სადაც "დილასთან" ერთად თბილისის "დინამო" ჩაატარებს საშინაო მატჩებს, რადგან "დინამო არენას," ისევე როგორც „მიხეილ მესხს,“ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის რეკონსტრუქცია უტარდება. შესაბამისად, ერთადერთ შესაძლო ვარიანტად, სადაც საშეჯიბრო კომიტეტმა თამაშის ნებართვა მოგვცა, დარჩა „თამაზ სტეფანია“ და ამ ვარიანტს დავთანხმედით.

ეს კლუბისთვის მძიმე ფინანსური დაწოლაა. ჯერ ერთი, ამის გამო კლუბი ბაზირებულია თბილისში, სადაც გვიწევს ფეხბურთელების საბინაო პირობებით უზრუნველყოფა და სავარიშო მოედნების დაქირავება, ასევე პრაქტიკულად ყველა - როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშზე ტრანსპორტის დაქირავება და ბოლნისის სტადიონის იჯარით აღება, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი.

იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარების სირთულე გაეაზრებინათ და "შუქურას"თუნდაც მორალურად გვერდში დადგომოდნენ, გულშემატკივართა კლუბმა პირიქით ასეთი სკანდალური ხმაური ატეხა ისე, რომ არც კი დაინტერესებულან ჩვენი ამ არასასურველი არჩევანის მიზეზებით. ვინაიდან, როგორც ადრე, ახლაც მათით მანიპულირებენ, უნდა განვაცხადოთ იმ ძალების მიერ, რომელიც ცდილობს ყველანაირი ცილისწამებებით კერძო საკუთრებაში მყოფი "შუქურა" საჯარო ცილისწამებებითა და ზეწოლით და სახელმწიფო სტრუქტურებთან ცილისწამებლური კამპანიით მიაღწიოს მიზანს, დაარღვიოს საკუთრების უფლება და ჩამოართვას კერძო მფლობელს თავისი კერძო ინტერესებისთვის. რას ვიზამთ? ვეცდებით, ამ ობსტრუქციას კარგი თამაშით ვუპასუხოთ და გავაგრძელოთ ჩვენი მიზანი - კონკურენტუნარიანი კლუბის მშენებლობა, რომელიც მოითხოვს დიდ შრომას და ინვესტიციებს".

შეგახსენებთ, 2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 ქობულეთის „შუქურას“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ პრობლემებს მთავარი მწვრთნელის, რევაზ გოცირიძის გუნდიდან წასვლა მოჰყვა. ახალ სეზონში „შუქურას“ უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები