ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე
CBS Sport-ის ჟურნალისტმა ბენ იაკობსმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა ზაფხულში ქართველი გარემარბი ინგლისის პრემიერ ლიგის ფეხბურთელი გახდეს.
ბენ იაკობსი:„მასზე დაკვირვება „ნიუკასლმა“ უნდა შეინარჩუნოს. კვარადონას სახელით ცნობილ მოთამაშეს ხშირად მის თანამემამულეს, გიორგი ქინქლაძეს ადარებენ. მას „მან. სიტი“ და „ნიუკასლი“ აკვირდებიან. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლის“ რომელიმე ფეხბურთელის გადაბირება ნამდვილად რთული იყო, ახლა ისინი მიფრინავენ, ბრწყინვალე ფორმაში არიან, მაგრამ ვინ იცის, შესაძლოა ზაფხულში განსხვავებული ვითარება იყოს“.
Daily Express-ი ლონდონის „არსენალის“ ზაფხულის სატრანსფერო მიზნებზე წერს. გამოცემის მიხედვით, მიკელ არტეტას ტოპ 6 სამიზნეში ქართველი ფეხბურთელის გვარიც ფიგურირებს. არტეტა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდას გეგმავს, მას გაბრიელ მარტინელის კონკურენტად ფერან ტორესის, ხვიჩა კვარაცხელიას ან ჰადსონ-ოდოის დამატება სურს. „მეთოფეები“ აღნიშნული სამი მოთამაშიდან ერთ-ერთის დამატებას აუცილებლად გეგმავენ, რადგან შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და მათი ამბიციები მხოლოდ პრემიერ ლიგით აღარ შემოიფარგლება.
შეგახსენებთ, სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.