რა თანხად შეელევიან ხვიჩას და ოსიმენს - ალფრედო პედულა ნაპოლის გეგმებზე წერს
ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი, ალფრედო პედულა „ნაპოლის“ სამომავლო გეგმებზე წერს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პედულამ საკუთარ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა და დაასახელა თანხა, რომელსაც „პარტენოპეის“ ხელმძღვანელები ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ მოითხოვენ.
„ნაპოლიმ ოსიმენის გაყიდვა რომ მოისურვოს, 100 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება. მისი ღირებულება მინიმუმ 120 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება. თუ აურელიო დე ლაურენტისმა კვარაცხელიას თაობაზე მიღებული შეთავაზებების მოსმენა გადაწყვიტა, მხოლოდ ის წინადადებები იქნება განხილული, რომლებიც 100 მილიონიდან დაიწყება. წარმოიდგინეთ, ნაპოლიმ სკუდეტო რომ მოიგოს, რა მოხდება. დე ლაურენტისი თავის თამაშს ითამაშებს და არნახულად ძვირადღირებულ აუქციონებს დაიწყებს“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
ოსიმენს რაც შეეხება, მან 16 მატჩი ჩაატარა და მეტოქეების კარი 14-ჯერ აიღო. ნიგერიელს ბევრი მსურველი ჰყავს და იგი პრემიერ ლიგის გრანდების რადარზე იმყოფება, რომელთა შორის „მანჩესტერ იუნაიტედიცაა“.