ზიეჩი ჩელსის მფლობელს ემუდარებოდა, რომ კლუბს პსჟ-ში გაეშვა
ჰაკიმ ზიეჩის პსჟ-ში ტრანსფერი ბოლო საათებში ჩაიშალა. მაროკოელ შემტევს ლიგა 1-ში გადასვლის დიდი სურვილი ჰქონდა და ახლა ძალიან იმედგაცრუებულია.
Sky Sports-ის ცნობით, ფეხბურთელი პარიზში სამშაბათს, ლანჩის დროს ჩავიდა, იჯარასთან დაკავშირებით ყველა საჭირო პროცედურა დასრულდა, დარჩენილი იყო მხოლოდ კლუბების შესყიდვის ვარიანტზე შეთანხმების მიღწევა.
პარიზში ოფისში მყოფი ზიეჩი და მისი აგენტი ნელ-ნელა ნერვიულობას იწყებდნენ და ხვდებოდნენ, რომ გარიგება შესაძლოა ჩაშლილიყო, რისი ნიშნებიც თავდაპირველად არ იყო.
მაროკოელმა ჩელსის თანამფლობელთან ტოდ ბოელთან შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, ევედრებოდა მას, რომ საბუთების მოგვარების პროცედურა დაეჩქარებინა და ის მზად იყო ფული საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა, თუ ტრანსფერი განხორციელდებოდა.
სიტუაციის მცოდნე წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პსჟ ახლა „ჩელსის“ წარმომადგენლებს მათ ოფისში შესახვედრადაც კი არ დაუშვებს. ორ კლუბს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.
როგორც ცნობილი გახდა, „ჩელსიმ“ ტრანსფერი ხელოვნურად გააჭიანურა და საბოლოოდ სატრანსფერო ფანჯარაც დაიხურა.
Sky Sports-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფეხბურთელი გაბრაზებულია და ამჟამად კვლავ პარიზში იმყოფება.