ფედერიკო ბერნარდესკი: „ხვიჩა ფენომენია“
„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელიც ამჟამად, „ტორონტოს“ ღირსებას იცავს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელმა შემტევმა „კვარა“ შეაქო და მას ფენომენი უწოდა.
„კვარაცხელია შთამბეჭდავია. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, ხვდება, რომ ის ფენომენია და ხვიჩას აქვს დამოკიდებულება, რომლითაც დიადი ჩემპიონები გამოირჩევიან“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 16 შეხვედრაში მიიღო. ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 7 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. საგოლე პასების რაოდენობით, იგი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.
კვარაცხელიას გუნდს რაც შეეხება, „პარტენოპეი“ სატურნირო ცხრილს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ნეაპოლურ გრანდს მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს ელის და „სპეციას“ დაუპირისპირდება, რომელიც 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.