ლებრონის ისტორიული შეხვედრა - 38 წლის ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გააკეთა
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. „მეფესა“ და კომპანიას რთული მატჩი ჰქონდათ და „ნიუ იორკ ნიქსის“ დასამარცხებლად ოვერტაიმი დასჭირდათ. ძირითადი დრო 114:114 დასრულდა, დამატებით ხუთწუთეულში კი „ლეიკერსმა“ მეტოქეზე 6-ით მეტი ქულა ჩააგდო და 129:123 მოიგო.
ლებრონი თავის გუნდში საუკეთესო იყო და 28 ქულა, 10 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გაიფორმა. ჯეიმსმა NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მეპასეთა სიაში ლეგენდარულ სტივ ნეშს გადაასწრო და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. „მეფემ“ რეკორდიც დაამყარა და ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც სამმაგი დუბლი NBA-ში თავის მეოცე სეზონში გაიფორმა. ამასთან, 38 წლის ასაკში ტრიპლ დაბლი მხოლოდ კარლ მელოუნს, ტიმ დანკანსა და ელვინ ჰეისს ჰქონდათ გაკეთებული და ლებრონმა მათი მიღწევა გაიმეორა.
LeBron tonight in the Lakers W:
— NBA (@NBA) February 1, 2023
???? 28 PTS
???? 10 REB
???? 11 AST
???? Moves to 4th all-time in assists
???? 1st player ever with triple-double in season 20
89 points to the all-time scoring record. pic.twitter.com/urkL55I9YI
ჯეიმსის გარდა ენტონი დევისიც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც მაღალ დონეზე იასპარეზა და 27 ქულა, 9 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. რასელ უესტბრუკმა 17 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა, ხოლო რუი ჰაჩიმურას ანგარიშზე 19 ქულა და 9 მოხსნა იყო. „ნიქსს“ ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა - 37 ქულა, 6 პასი. ჯულიუს რენდლმა 23 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა, ხოლო იმანუელ ქუიკლიმ მატჩი 19 ქულითა და 8 ასისტით დაასრულა.
ცნობისთვის, „ლეიკერსი“ პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს და მის ანგარიშზე 24 მოგება და 28 წაგებაა. ლოს ანჯელესელები „იუტა ჯაზს“ 2 მოგებით ჩამორჩებიან და მათი მომდევნო გაჩერება გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსია“.