უცნაური ფაქტი - რეიმსი ყველა მატჩის შემდეგ 22 000 ევროთი ჯარიმდება
სეზონის მეორე ნახევარში ფრანგული „რეიმსი“ საკმაოდ კარგად გამოიყურება. კლუბი ბოლო 12 თამაშია არ დამარცხებულა და ეს პირველ რიგში მთავარი მწვრთნელის უილიამ სთილის დამსახურებაა.
უილიამ სთილი 30 წლის გახლავთ და წარმოშობით ბელგიელია. ის საკმაოდ ნიჭიერ მწვრთნელად ითვლება. თანამედროვე ფეხბურთში ბევრი უცნაური რამ მომხდარა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
„რეიმსი“ თითოეული მატჩის შემდეგ, 22 000 ევროთი ჯარიმდება. ამის მიზეზი კი მეტად უცნაური და კომიკურია. უილიამს სამწვრთნელო ლიცენზიის პრო კატეგორია არ აქვს. აღნიშნულ კატეგორიას უეფა ითხოვს.
რეალურად, 30 წლის სპეციალისტს პრო ლიცენზიის გარეშე უმაღლეს დივიზიონში პირველი გუნდის გაწვრთნის უფლება არ აქვს. რა თქმა უნდა, უილიამი ამ პრობლემის მოგვარების პროცესშია და განათლებას იღებს, თუმცა მისი მუშაობა ფრანგულ კლუბს საკმაოდ ძვირი უჯდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში „რეიმსი“ 20 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 26 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. უკანასკნელ ტურში კი სტუმრად „პარი სენ ჟერმენთან“ არ წააგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.