მოულოდნელად - ისკოს ტრანსფერი უნიონ ბერლინში ჩაიშალა
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, ისკომ „სევილიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში იწერებოდა, რომ ესპანელი ნახევარმცველი „უნიონ ბერლინს“ შეუერთდებოდა.
მეტიც, ალარკონი გერმანიაში იმყოფებოდა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. მხარეები კონტრაქტზეც შეთანხმდნენ და ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი.
სულ ცოტა ხნის წინ, ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა დაწერა, რომ ისკოს ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ჯერჯერობით ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ერთი რამ ნათელია - „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი „უნიონ ბერლინში“ არ ითამაშებს.
უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ დღეს 31 იანვარია და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე გახლავთ. დიდი ალბათობით, 30 წლის ფეხბურთელი ახალი კლუბის მოძებნას ვერ მოასწრებს და სეზონი დარჩენილ ნაწილში ვერსად ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ისკომ „რეალი“ გასული წლის ზაფხულში დატოვა და „სევილიას“ შეუერთდა, თუმცა მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ ანდალუსიური გუნდი დატოვა.