ვერონა, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ვერონას მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ვერონას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 87:82 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 20 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ექვსი 2-ქულიანი ისროლა, საიდანაც ზუსტი 5 აღმოჩნდა. თორნიკემ სამჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ წარუმატებლად. შენგელიამ ასევე 2 პერსონალური „ფოლი“ მიიღო. 6 მოხსნიდან კი 4 საკუთარ ფარზე იყო, ხოლო 2 მეტოქის.

„ვირტუსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ჯორდან მიკი იყო, რომელმაც 21 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 26 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი „ბრეშას“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 22:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები