„ფაქსი გაფუჭდა, სტრესში ვმუშაობდით“ - კაშიას ტრანსფერის უცნობი ამბავი
ნიდერლანდური Soccernews-ი საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ნიდერლანდელი საფეხბურთო ფუნქციონერის, ტედ ვან ლევენის მიერ განხორციელებული ტოპ 10 ტრანსფერია. ათეულში გურამ კაშიასთან ერთად კლას-იან ჰუნტელაარი, პოლ ვერჰაეგი, დრის მერტენსი, ნასერ ჩადლი, ნემანია მატიჩი, რობინ გოსენსი, ვილფრიდ ბონი, ესენ იუნალი და კონსტანტინოს ციმიკასი არიან.
ტედ ვან ლევენი „ვიტესის“ სპორტული დირექტორი იყო, როცა გურამ კაშია არნემულ გუნდში გადავიდა, ეს 2010 წლის ზაფხულში მოხდა.
ტედ ვან ლევენი Soccernews-თან ინტერვიუში იხსენებს: „გურამი „ვიტესში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადმოვიდა. ვცდილობდით ტრანსფერი განხორციელებულიყო, თუმცა ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა. 00:00 საათზე სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობდით ფაქსის მანქანით, ხელმოწერილი კონტრაქტების გაგზავნისას ფაქსი გაფუჭდა. სტრესში ვმოქმედებდით, ვცდილობდით შეგვეკეთებინა. საბედნიეროდ, ნიდერლანდების სამეფოს საფეხბურთო ასოციაციამ გაგვითვალისწინა და ტრანსფერი 00:02 საათზე დაადასტურა.
განზრახვა არ იყო, რომ კაშიას მარჯვენა ფლანგზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ფრანკ ვან დერ სტრეიკმა თამაშის დაწყებამდე მოთელვისას ტრავმა მიიღო. ასე შედგა მისი დებიუტი, გურამი შემოვიდა და მოედნიდან აღარ გასულა. ის დადგა მინდორზე ყველა დიდი სახელის მქონე ფეხბურთელთან ერთად. ყველა ახალმა მწვრთნელმა კაპიტნად დაასახელა. გურამ კაშია, ვინც გახდა მისტერ ვიტესი თბილისიდან, ათეულში ადგილს იმსახურებს“.
გურამ კაშია „ვიტესში“ 2010-18 წლებში თამაშობდა, გუნდის კაპიტანი იყო და 2016-17 წლების სეზონში გუნდთან ერთად ნიდერლანდების თასი მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მოქმედი კაპიტანი „ვიტესის“ ლეგენდადაა აღიარებული.