ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

შეთანხმება შედგა: ზივზივაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

გერმანული BNN-ის ინფორმაციით, „მოლ ფეჰერვარის“ ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე კარიერას „კარლსრუეში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი კარლსრუეში დღეს ჩავა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მაც დაადასტურა.

გერმანიის 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 18 ქულით მე-15 ადგილზეა, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, „კარლსრუე“ საუკეთესო ათეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

„კარლსრუეს“ ისტორიაში ბუდუ ზივზივაძე მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება. 2007-12 წლებში „კარლსრუეში“ ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო.

„კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

„კარლსრუეს“ ზივზივაძის გადაბირება მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, 2022 წლის ზაფხულში სურდა, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა. „კარლსრუეს“ ინტერესის შესახებ ზივზივაძემ გასული წლის ივნისში „საგოლე გადაცემაში“ ისაუბრა:

„მეორე ბუნდესლიგის ''კარლსრუეა'' დაინტერესებული. გერმანული კლუბი ''მოლ ფეჰერვარს'' სატრანსფერო თანხაზე უნდა შეუთანხმდეს. რა თქმა უნდა, თუ კლუბები შეთანხმებიან, გერმანიაში თამაშის სურვილი მაქვს. თუ მეორე ბუნდესლიგაში გოლებს გავიტან, ბუნდესლიგა ერთ ნაბიჯშია, ბუნდესლიგიდანაც გაჩნდება ინტერესი. გარდა ამისა, შესაძლოა ''კარლსრუემ'' ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოლოს.

ალექსანდრე იაშვილს, რომელიც ''კარლსრუეში'' თამაშობდა, ''კარლსრუესთან'' დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა სანაკრებო მატჩებამდე არ მითხრა. როცა შეხვედრები დასრულდა, შემდეგ მითხრა, რომ ''კარლსრუედან'' ინტერესი იყო. იაშვილმა მითხრა, რომ არ მინდოდა თამაშებამდე მეთქვა, რადგან შესაძლოა, ამ ტრანსფერზე ბევრი გეფიქრაო''.

საბოლოოდ, ზაფხულში ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარში“ დარჩა, კონფერენს ლიგაზე ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა შემდეგ სასტარტოში ადგილი დაკარგა, რაც ბოლოს კლუბთან და ქომაგებთან კონფლიქტით გაგრძელდა. „მოლ ფეჰერვარმა“ ზივზივაძის გაშვება „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო გადაწყვიტა. ბუდუს ქმედებებმა „მოლ ფეჰერვარის“ გულშემატკივრები განარისხა. ქართველმა თავდამსხმელმა „უიპეშტის“ ფეხბურთელს მაისური გაუცვალა, შემდეგ მათი სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა და ბოლოს სტუმართა ქომაგებს ხელიც დაუქნია, სტადიონის დატოვებისას კი „უიპეშტის“ მაისური ეცვა. „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ „მოლ ფეჰერვარმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, კლუბის, ქომაგებისა და თანაგუნდელების მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო ზივზივაძე მეორე გუნდში დააქვეითეს. თავისი ქმედებების გამო, ზივზივაძემ კლუბს და მის ქომაგებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ამან ვითარება ვერ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს
კვარა VS რომა - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს