„კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“ - გატუზო ვალენსიას დატოვებას არ გამორიცხავს
ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „რეალ ვალიადოლიდს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალურის სხვაობით - 1:0 დამარცხდა.
ქართველი მეკარე საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მამარდაშვილმა მასპინძელთა წინააღმდეგ 5 სეივი შეასრულა და „ვალენსია“ რამდენიმე აშკარა გოლისგანაც იხსნა, თუმცა თავისი გუნდის გადარჩენა ბოლომდე ვეღარ შეძლო. „ღამურებმა“ გოლი 89-ე წუთზე გაუშვეს და დასანანი მარცხიც იწვნიეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ ჟურნალისტებთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა.
რა თქვა გატუზომ:
სხვა თამაშებისგან განსხვავებით ვეცადეთ, რომ სტილი შეგვეცვალა. ძირითადად მეტოქის თამაშის მოლოდინში ვთამაშობდით. პირველ ტაიმში რამდენიმე გოლის გატანის შანსი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, მეორეში კი გუნდი თითქოს გაჩერდა და ანერვიულდა. შეშფოთებულები ვთამაშობდით. არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით. რამდენჯერმე მოხდა, როდესაც გუნდმა მეორე ნახევარში არ განაგრძო იმის კეთება, რასაც პირველ ტაიმში აკეთებდა. ამაზე სამუშაო გვაქვს.
3-4 თვის განმავლობაში გუნდს კარგად განსაზღვრული სათამაშო სტილი ჰქონდა. შეტევაში დიდი ზეწოლით ვთამაშობდით და ბურთს ვფლობდით, მაგრამ ახლა კარგ კონდიციებში ნამდვილად არ ვართ. მშვიდად ვერ ვთამაშობთ. ვეცადეთ პატარა ნიუანსები შეგვეცვალა, მეკარის ნაკლები ჩართულობით, გრძელი პასებით და ნაკლები მოთმენით.
მე არ ვარ ის, ვინც ჩემს სახეს აჩვენებს, კლუბის ფულს მე არ ვაკონტროლებ და არც მესაკუთრე ვარ. აქ ვარ იმისთვის, რომ ვიმუშაო და ამაზე ვარ პასუხისმგებელი. მეშინია თუ არა თანამდებობის დაკარგვის? ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან გარკვეულწილად ჩემი საქმის ნაწილიცაა. ნებისმიერ სიტუაციაში კლუბის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ახლა კი ჩემთვის პრიორიტეტულია ამ გუნდის გაუმჯობესება, რადგან ძალიან ნეგატიურ სიტუაციაში ვართ. ამ გუნდს ყველაფერს ვუძღვნი და შედეგზეც პასუხისმგებელი მე ვარ. ამ რთული მდგომარეობიდან მხოლოდ დიდი შრომის შედეგად უნდა გამოვიდეთ.
შეგახსენებთ, რომ 19 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.
„ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, სტუმრად მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავენ.