„საუბარი მინდა იმით დავიწყო, თუ როგორ მიყვარს ჩემპიონთა ლიგა..
და მართლა, ყველა ასე არ ვართ?
ჩემთვის ის ყოველთვის იყო მსოფლიოს უდიდესი ტურნირი. არის მასში რაღაც განსხვავებული.. რაღაც თასის და ჰიმნს მიღმა, რაც ჩემს ბავშვობას მახსენებს..
ვფიქრობ ახლა ჩემი თაობის ბევრი ადამიანის სახელით ვლაპარაკობ.. 2000-იანი წლების დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის ღამეები განსაკუთრებული იყო.. განსაკუთრებით ჩემნაირი ბავშვებისთვის, რომლებიც ემიგრანტების ოჯახებიდან იყვნენ..
მე გელზერკინხენში თურქ მშობლებთან ერთად გავიზარდე. როდესაც ევროპაში თურქული გუნდი თამაშობდა ჩემი მშობლები ყველაფრის კეთებას წყვეტდნენ და ისე გულშემატკივრობდნენ თითქოს მათი ცხოვრება იმ კონკრეტულ მატჩზე იყო დამოკიდებული..
არასდროს დამავიწყდება, როდესაც „გალათასარაიმ“ 2000 წელს უეფა-ს თასი მოიგო. მაშინ 9 წლის ვიყავი. ჩემს ოჯახში დედას გარდა ყველა „გალას“ გულშემატკივრობს. ის „ფენერბახჩეზეა“ შეყვარებული. ყოველ შემთხვევაში, ფინალს ყველამ ერთად ვუყურეთ და როდესაც „გალათასარაიმ“ „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა ბიძაჩემი ილჰანი, რომელიც ჩემზე 6 წლით არის უფროსი ატირდა..
ჰაჰაჰა! ბავშვივით ტიროდა..
ეს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა..
და ეს იყო უეფა-ს თასი, მთელი პატივისცემით..
ასე რომ, წარმოგიდგენიათ რას ნიშნავდა ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა? და რა ვიგრძენი მაშინ, როდესაც პირველად ვითამაშე ამ ტურნირზე?
წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ჩემთვის მისი მოგება?
ჩემს კარიერაში არის ერთი თამაში, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრს ვფიქრობ. ალბათ გახსოვთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2013 წელს. „დორტმუნდი“ „ბაიერნის“ წინააღმდეგ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდით. საუკეთესო სეზონი მქონდა და ფინალში გოლიც გავიტანე. თითქოს სამყაროს მწვერვალზე უნდა დავმდგარიყავით, მაგრამ 1:2 წავაგეთ..
ეს კოშმარს ჰგავდა.. თამაშის მერეც ვერ მივხვდი როგორ ან რატომ წავაგეთ..
როდის მექნება კიდევ მსგავსი შანსი?
სიმართლე გითხრათ, „ბაიერნთან“ ფინალი დღემდე მაწუხებს.. მოგება ძალიან მინდოდა..
მაგრამ ასევე ვშიშობ, რომ თუ რამე ძალიან გინდა, ვერასდროს მიიღებ მას..
ასეთმა აზრებმა შეიძლება ღამე გამაღვიძოს. ვიცი, რომ ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვო, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, მე შემიძლია გითხრათ, რომ სუპერ თავდაჯერებული ბიჭი ვარ, რომელსაც არაფრის ეშინია და ეს ჩვეულებრივ რამ იქნება არა?
მაგრამ ეს რომ გითხრათ, გულწრფელი არც თქვენთან ვიქნები და არც საკუთარ თავთან!!
სიმართლე ისაა, რომ ჩემი ტვინი არ ითიშება. ვფიქრობ ოჯახზე, ფეხბურთზე და ზოგადად ცხოვრებაზე.. ალბათ ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ასეთი ვარ და რომც შემეძლოს, ამას არ შევცვლიდი..
რეალურად, მსურს რამდენიმე აზრი გაგიზიაროთ. ვგრძნობ, ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფეხბურთელები სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თითქოს რაღაც ბედნიერების ბუშტში ვართ, რომლებსაც არაფერი აწუხებთ. დამიჯერეთ, ეს ასე არ არის..
რვა თვეზე მეტია ჩემი ოჯახის წევრები არ მინახავს. ჩემი საუკეთესო მეგობრები შორს არიან.. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პანდემიამაც გამოიწვია და ვიცი ასეთ მდგომარეობაში ბევრი ადამიანი ჩავარდა..
მაგრამ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და გეტყვით.. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მარტოობის განცდა მაქვს. ასე 18 წლის ასაკიდან ვარ.. მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი..
როგორც ფეხბურთელი, ვფიქრობ, რომ ეს გრძნობა გარდაუვალია..
ცხადია, პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ მაქვს, რადგან მდიდრები ვართ და ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს.. სხვანაირ ცხოვრებას არასდროს ვისურვებდი..
მაგრამ მაინც ვფიქრობ იმ დღეზე, როცა მე პროფესიონალი გავხდი. ჩემს შემთხვევაში ეს საკმაოდ გვიან მოხდა და დიდი ხნის განმავლობაში არც ვიცოდი მოხდებოდა, თუ არა.. შემდეგ კი ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა..
როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია, რომ მთელი შენი კარიერა ზღაპრული იქნება..
მაგრამ არის ბევრი რამ, რაც ადრე, რომ მცოდნოდა ძალიან გამომადგებოდა..
რვა წლის ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ეს ბიზნესი..
გელზერკინხენში ყველა ბავშვის ოცნება ავიხდინე. „შალკეს“ აკადემიაში ჩავირიცხე. ისეთი ამაყი ვიყავი.. სამკერდე ნიშნის ტარებაც კი საამაყო იყო. ერთი წელი უნდა მეთამაშა და შემდეგ გადაწყვეტდნენ დამტოვებდნენ, თუ გამიშვებდნენ..
ამიტომ ვიფიქრე, რომ მინიმუმ 1 წელი უსაფრთხოდ ვიყავი, მაგრამ შემდეგ პრობლემები დაიწყო.. კოჭის ტრავმა მივიღე და ექიმმა მითხრა, რომ თამაში 6 თვით უნდა შემეწყვიტა..
სკოლაში სიარულისას სპეციალური სამაგრი მეკეთა და გადაადგილება მიჭირდა. ფეხბურთის თამაშზე საუბარიც ზედმეტი იყო.. სეზონის დასრულების შემდეგ, „შალკემ“ გამიშვა..
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხელი კისერში მომიჭირეს და გამაგდეს.. მეგონა, რომ ჩემი ოცნება და კარიერა სამუდამოდ დასრულდა.. არ დაგავიწყდეთ, მე მხოლოდ 8 წლის ვიყავი..
სახლში დავბრუნდი და ადგილობრივ გუნდში მეგობრებთან ერთად დავიწყე თამაში. უბრალოდ გართობა მინდოდა..
3 წლის შემდეგ ჩემს მშობლებს დაურეკეს.. „შალკეს“ ჩემი დაბრუნება უნდოდა..
მე ვთქვი: „უარი უთხარით, იქ დაბრუნება არ მინდა.“
ჯერ კიდევ ნაწყენი ვიყავი და გული მტკიოდა..
მეგონა, რომ მშობლებს ჩემი ესმოდათ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო.. ეს ჩემს ოცნებაში კიდევ ერთი ბზარი გახდა.. რატომ ვიქცეოდი ასე? „შალკე“ ჩემი პირველი უარი იყო და ჯერ კიდევ ძალიან მტკიოდა..
და მაინც, მშობლებს არასდროს დაუძალებიათ „შალკეს“ აკადემიაში წასვლა. მათ უბრალოდ სურდათ, რომ სკოლაში კარგად მესწავლა. სკოლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაქვს კოშმარული მოგონებები..
ნება მომეცით რაღაც აგიხსნათ. ჩემი მშობლები თურქეთში გაიზარდნენ, ხოლო თურქულ კულტურაში უფროსებს დიდ პატივს სცემენ. ჩემს არცერთ მშობელს სკოლა არ დაუმთავრებია. დედა საცურაო რესტორანში მზარეული იყო, მამა კი სატვირთო მანქანის მძღოლი ლუდის კომპანიაში. მათ არასდროს ჰქონიათ ისეთი განათლება, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური ეშოვნათ.
ასე რომ, როდესაც მე და ჩემი ძმა სკოლაში პირველად მივედით, იმ დღიდან სურდათ, რომ მაქსიმალური განათლება მიგვეღო, მაგრამ ფეხბურთს იმხელა დროს ვუთმობდი, რომ კარგად ვეღარ ვსწავლობდი. სკოლის დამთავრება ძალიან გამიჭირდა. გამოცდებზე ჩავარდნის შიში ბნელი ღრუბელივით ჩამომეკიდა.
წარმოგიდგენიათ რას იფიქრებდნენ ჩემი მშობლები ან როგორ იგრძნობდნენ თავს?? სწორედ ამიტომ მაქვს დღემდე გამოცდების შიში.. წლები გავიდა და ისინი ისევ მაკონტროლებენ..
გასაგებად რომ ვთქვა, მშობლებმა ჩემი და ჩემი ძმის აღზრდისთვის მაქსიმუმი გააკეთეს. იმდენად ბევრს ვსწავლობდი, რომ სხვა რამისთვის დრო თითქმის არ მრჩებოდა. ჩემი ცხოვრება სკოლა და ვარჯიში იყო. როდესაც სამეგობრო წრე პარასკევს ღამით გასართობად მიდიოდა მე სახლში ვრჩებოდი, რადგან მეორე დღეს ვარჯიში მქონდა..
ბავშვობაში ბევრი რამ გამოვტოვე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახალგაზრდობა გავწირე..
სიგიჟე იცით რა იყო? არ ვიცოდი გავხდებოდი, თუ არა პროფესიონალი ფეხბურთელი.. ბევრი ბავშვი ამბობს: „მე აუცილებლად ვითამაშებ დიდ ფეხბურთს“.. მე ასეთი მკაფიო დამოკიდებულება არასდროს მქონია.. გამოცდები უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ფეხბურთი მაინც სახალისო იყო..
როდესაც ამაზე სერიოზულად პირველად დავფიქრდი 17 წლის ვიყავი. მაშინ „ბოხუმის“ პირველ გუნდს შევუერთდი და შეკრებაზე წავედი. ორ ამხანაგურ მატჩში მივიღე მონაწილეობა. ერთში გოლი გავიტანე, ხოლო მეორეში საგოლე პასი გავაკეთე. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება შემეძლო..
დაახლოებით 6 თვის შემდეგ დადგა დღე, როდესაც პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე. ჩემი კლუბი „ნიურნბერგი“ იყო..
და შემდეგ მოვიდა ყველაფერი, რაზეც არასდროს მიფიქრია..
პირველი, რასაც ხვდები არის ის, რომ ოჯახი და მეგობრები უნდა მიატოვო.. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელმაც მთელი ცხოვრება მშობლებთან და ძმასთან ერთად გაატარა, ახლა 450 კილომეტრის გავლა უწევს, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. ის ნამდვილად მარტოსულია..
მან დიდ ფეხბურთში ნაბიჯი უნდა გადადგას. იქაურობა კი ახალგაზრდული ფეხბურთისგან მთლიანად განსხვავდება.. შემდეგ ის ტრავმას იღებს და უფროსი ფეხბურთელებისგან მხოლოდ იმედგაცრუება რჩება, რადგან ისინი ბევრ რამეში ცდებიან. მიუხედავად ამისა, თურქულმა აღზრდამ თავისი გააკეთა და უფროსებს არ ეკამათება.
ეს მე ვიყავი „ნიურნბერგში“.. სრული შოკი მქონდა..
მახსოვს, მაშინ „შალკეს“ მადლობელი ვიყავი, რადგან მიღებული იმედგაცრუება მომავალი პრობლემების დაძლევაში დამეხმარა და „ნიურნბერგში“ ორი შესანიშნავი სეზონი გავატარე..
როდესაც „დორტმუნდში“ გადავედი მეგონა, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.. ვცდებოდი.. ქალაქში ბინის ძებნისას მეპატრონის და მისი მეგობრის საუბარი მოვისმინე.
ისინი ამბობდნენ: „გსმენიათ მისი სახელი გიუნდოგანი? მგონი ის თურქია.. შეძლებს ის თანხის გადახდას?“
ასეთი რამ ბევრჯერ განმეორდა და ერთ-ერთი ბინის პატრონს ვუთხარი, რომ მე ფეხბურთელი ვიყავი. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩემს მიმართ დამოკიდებულებაც გამოსწორდა..
საინტერესო იცით რა არის? ეს ადამიანები თვითონ იყვნენ ემიგრანტები!!
უბრალოდ ძალიან სევდიანი იყო..
როდესაც ემიგრანტი ხარ თავს დაუცველად გრძნობ. აცნობიერებ, რომ ადამიანები ზემოდან გიყურებენ. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ გერმანულად ჩინებულად ვსაუბრობდი. ჩემი პასუხი კი ასეთი იყო: „მე გერმანიაში გავიზარდე და სირცხვილი იქნება, რომ გერმანულად ვერ ვლაპარაკობდე.“
იგივე მოხდა სხვა მხრივაც.. ჩემი მშობლები თურქები არიან და თავს მეც თურქად ვთვლი. მაგრამ, როდესაც ჩემს თანამემამულეებს ვხვდებოდი უკვირდათ, რომ მეც თურქი ვიყავი..
ეს ნამდვილად ცუდი გრძნობაა. მე ორივე ქვეყანას ვეკუთვნი, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ვარ გაჭედილი..
ამბობენ, რომ ბოლომდე გერმანელი არ ვარ..
ასევე ამბობენ, რომ ბოლომდე თურქი არ ვარ..
და რა ან ვინ ვარ საბოლოო ჯამში?
ყველაზე ცუდი მომენტი მაშინ დადგა, როცა უნდა ამერჩია გერმანიის ნაკრებში ვითამაშებდი, თუ თურქეთში.. მაშინ ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი და არ მეგონა ასეთი დონის ფეხბურთელი თუ გავხდებოდი. არც ის ვიცოდი რა რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს გადაწყვეტილებას.
ჩემს სამშობლოში დღემდე კითხულობენ ვარ, თუ არა ნამდვილად თურქი. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მხოლოდ იმიტომ, რომ მე გერმანიის ნაკრებში ვთამაშობ, ეს ეროვნებას არ მიკარგავს გესმით??
მაგრამ, როგორც ჩანს ეს ზოგიერთი ადამიანისთვის რთულად გასაგებია..
საბედნიეროდ ასეთი ადამიანები ძირითადად ინტერნეტ სივრცეში არიან. როდესაც თურქეთში ჩავდივარ იქ ჩემით ყველა ამაყობს. განსაკუთრებით ბებია-ბაბუის მშობლიურ ქალაქში.
თავს მდიდარ ადამიანად ვგრძნობ, რადგან ორი ქვეყნის კულტურა შევისწავლე. ეს კი ადამიანების უკეთ გაცნობაში მეხმარება. ეს ყველაფერი იმასაც გაჩვენებს, თუ რა შეიძლება მოგიტანოს დიდებამ..
ფეხბურთის თამაშისას, შენს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ადიდებენ. სასაცილო იცით რა არის? „დორტმუნდში“ ჩემი ერთ-ერთი პირველი მოვალეობა ასევე თურქული ფესვების მქონე გერმანელი ფეხბურთელის შეცვლა იყო. ნური შაჰინი გახსოვთ? იმ წელს „ბორუსიამ“ ბუნდესლიგა მოიგო და ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ნური მადრიდის „რეალში“ წავიდა, მე კი მისი შეცვლა დამევალა.
არანაირი ზეწოლა..
სამი თვის შემდეგ, მატჩის განაცხადშიც კი არ ვიყავი..
„ვოლფსბურგთან“ გვქონდა თამაში და მახსოვს იურგენ კლოპმა გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ სათანადო კონდიციებში არ ვიყავი. არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ თავი დავუქნიე..
მე არ ვარ ის ბიჭი, რომელიც ფიქრობს, რომ საუკეთესოა და ყოველთვის უნდა ითამაშოს.. ყოველთვის ვფიქრობ, რომ, რასაც ვაკეთებ არასდროს არის საკმარისად კარგი და ჩემს გარდა სხვებიც არსებობენ, რომლებიც გაცილებით უკეთესები არიან.
და შემდეგ „დორტმუნდმა“ „ვოლფსბურგი“ ჩემ გარეშე 5:1 დაამარცხა..
საკმარისად კარგი ვიყავი ამ კლუბში სათამაშოდ?
საბედნიეროდ, უკვე მიჩვეული ვიყავი წარუმატებლობას. ვიცოდი, რომ უბრალოდ მუშაობა უნდა გამეგრძელებინა..
რამდენიმე თვის შემდეგ, „ჰანოვერთან“ თამაშის დროს, ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მე-8 წუთზე ტრავმა მიიღო და კლოპმა ცვლილებაზე შემიყვანა. გახურების დროც არ მქონდა, მაგრამ ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისად კარგად ვითამაშე.
შემდეგ, გერმანიის თასის ნახევარფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გავიტანე..
ფინალი მოვიგეთ..
ბუნდესლიგა მოვიგეთ..
ყველა მატჩში ვთამაშობდი..
თუ ნამდვილად იბრძვით რაღაცის მისაღწევად, აუცილებლად მიაღწევთ!!
როდესაც რამეს მიაღწევ ეს უნდა შეინარჩუნო. ამის გაკეთება კი ძალიან რთულია. ფეხბურთელის ცხოვრება 99%-ით წინასწარ დაგეგმილია. ყოველდღე იღვიძებ და იღებ შეტყობინებებს, თუ რა უნდა გააკეთო. უბრალოდ გაღვიძება და ყავის დასალევად წასვლაც კი არ შეიძლება..
ნებისმიერმა პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნას..
ეს კარგად ვიცი, რადგან ერთხელ კლოპი ძალიან გავაბრაზე..
„დორტმუნდში“ ჩემი მეორე სეზონი იყო. ბუნდესლიგაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გვიჭირდა და წინ მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. გუნდში ასეთი წესი არსებობდა - თუ რაიმე გვაწუხებდა კლუბის ექიმს ვეუბნებოდით და ის გვირჩევდა უნდა გვევარჯიშა, თუ არა. ასე ტრავმებს თავიდან ვიცილებდით.
ერთ დილას გავიღვიძე და ბარძაყში ტკივილი ვიგრძენი. ვერ მივხვდი რაიმე პრობლემა მქონდა, თუ გადაღლილობის ბრალი იყო..
ექიმისთვის უნდა დამერეკა..
მაგრამ ვიფიქრე, რომ მალე გამივლიდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა..
როგორც ყოველთვის, ვარჯიშზე ნახევარი საათით ადრე მივედი და გადამოწმების მიზნით ექიმს ვთხოვე ჩემი ბარძაყი შეემოწმებინა.
მან თქვა: „კუნთი დაჭიმულია, რატომ არ დამირეკე?“
მე ვუპასუხე: „არ ინერვიულო, ვარჯიში შემიძლია, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.“
ექიმი: „კლოპს უნდა ვაცნობო, რისკზე ვერ წავალთ.“
რამდენიმე წუთი დაველოდე. კლოპი მოვიდა და ის აშკარად არ იყო ბედნიერი..
მან იკითხა: „რა ხდება აქ?“
მე: „დისკომფორტი ვიგრძენი, მაგრამ ვარჯიში შემიძლია.“
კლოპი: „რატომ არ დაგვირეკე? ხომ იცი ჩვენი წესის შესახებ?“
მე: „დიახ, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.“
მინდოდა სიტუაციიდან გამოსავალი მეპოვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ვცდებოდი. იურგენი სულ იმას ამბობდა, რომ მინიმალურ რისკზეც არ შეიძლებოდა წასვლა.
შემდეგ ის აფეთქდა. გინახავთ კლოპი დაძაბული თვალებით და კბილების კრაჭუნით? მან ზუსტად ასე შემომხედა და დაიყვირა: „გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდა.“
შემდეგ ზურგს უკან კარი გაიჯახუნა..
ზოგადად მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ მეც გავბრაზდი. ექიმს ვკითხე, თუ რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია..
გადავწყვიტე გავხურებულიყავი და შემდეგ ვიგრძნობდი რა მდგომარეობაში მექნებოდა კუნთი..
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ბუცები ჩავიცვი და სავარჯიშოდ გავედი. იურგენი ჩემთან მოვიდა. ლექციას ველოდებოდი, მაგრამ ხელი გადამხვია.
კლოპი: „ჩემო მეგობარო, იცი რატომ გავბრაზდი ასე?“
არაფერი ვუპასუხე..
კლოპმა განაგრძო: „მე მხოლოდ შენზე ვზრუნავ და არ მინდა დაშავდე.“
შემდეგ ძალიან ძლიერად ჩამეხუტა..
შოკში ვიყავი. სულ ცოტა ხნის წინ კინაღამ ვიჩხუბეთ და ახლა ისე მელაპარაკებოდა, როგორც მამა შვილს.. ამან დამანახა, თუ როგორი ადამიანია ის. კლოპი ძალიან ემოციურია, მაგრამ ასევე ღია და გულწრფელი..
იმ დღეს იურგენმა მასწავლა გაკვეთილი - ყოველთვის ეცადე იყო გულწრფელი. სხვებთანაც და საკუთარ თავთანაც..
რამდენიმე წლის შემდეგ, ამის პრაქტიკაში გამოყენება მომიწია. 2016 წელი იყო და „დორტმუნდში“ თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.. შემეძლო კონტრაქტის დასრულებას დავლოდებოდი, მაგრამ მე ასეთი არ ვარ. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა..
თებერვალში პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ „ბაიერნს“ ტოვებდა და „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებდა მუშაობას. წარმოვიდგინე, თუ როგორი იქნებოდა მასთან ერთად მუშაობა..
მისი „ბარსელონა“ ძალიან მიყვარდა და როდესაც „ბაიერნს“ ვეთამაშებოდით ყოველთვის ძალიან გვიჭირდა. ბურთის მოსაპოვებლად 90 წუთი იბრძვი და საბოლოოდ ვერ იგებ რატომ აკეთებ ამას..
რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ პეპს, როგორც ფეხბურთელი ძალიან მოვწონდი. იმ პერიოდში „ბაიერნთან“ გვიწევდა თამაში. გვირაბში ვიდექით რა დროსაც პეპმა ჩამოიარა და ზურგში მიბიძგა.
მე უბრალოდ ვიფიქრე, თუ რა ჯანდაბას აკეთებდა გუარდიოლა..
სპეციალურად გააკეთა, თუ შემთხვევით მოუვიდა? ამაზე პასუხი დღესაც არ მაქვს. იქნებ მას ვკითხო? მაგრამ ამას ალბათ მაშინ აკეთებ, როდესაც ვინმე მოგწონს..
მაშინაც კი, როცა გაირკვა, რომ „სიტი“ ჩემს გაფორმებას აპირებდა, მინდოდა ამაში დავრწმუნებულიყავი. პეპს შევხვდი და კონტრაქტზე ხელის მოწერამდე ერთი კითხვის დასმა მომინდა..
შემეძლო უამრავი რამ მეკითხა, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებდა.
„პეპ, მართლა გინდა, რომ შენს გუნდში ვითამაშო?“
პასუხი, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ ამის მისგან მოსმენა მჭირდებოდა..
მე და გუარდიოლა უკვე წლებია ერთად ვმუშაობთ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. მაშინაც კი, როდესაც ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე და 8 თვე ვერ ვთამაშობდი ჩემი ბოლომდე სჯეროდა და დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო ფორმას აღვიდგენდი.
მახსოვს, ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი და გამახსენდა, რომ იმ დღეს პეპის დაბადების დღე იყო. მეგობარმა მითხრა, რომ საჩუქარი გაგვეკეთებინა. გუარდიოლა მანჩესტერში ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ამიტომ, შამპანური ვიყიდეთ და მისალოც ბარათზე სიტყვები ესპანურად დავწერეთ. ჩემმა მეგობარმა საჩუქარი წაიღო და როდესაც უკან დაბრუნდა მითხრა, რომ პეპი ძალიან გახარებული იყო.
ცოტა ხანში დამავიწყდა, რომ მისი დაბადების დღე იყო. ნახევარი საათის შემდეგ, კარზე კაკუნი გავიგე. მეგონა, რომ ჩემმა მეგობარმა პიცა გამოიძახა.
კარი მეგობარმა გააღო და იქ პეპი იდგა..
პეპი: „სად არის გუნდო?(გუარდიოლა გუნდოს მეძახის)
ორივე ძალიან გაკვირვებულები ვიყავით, რადგან მას ასეთი რაღაცები არ ახასიათებს. ბევრ ადგილას მინახავს გუარდიოლა, მაგრამ ჩემს სახლში არა. საბოლოოდ, ცოტა შამპანური დავლიეთ და ის ჩემთან 1 საათით დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ ეს პროფესია ადამიანებისთვის არის. როდესაც კარიერას დავასრულებ ალბათ ის ხალხი მემახსოვრება, ვისთანაც ამ ემოციებს ვიზიარებდი..
რაც არ უნდა მოხდეს ჩემპიონთა ლიგაზე მე ჩემი კარიერით მაინც ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება უკვე ახდენილი ოცნებაა. ახლაც მახსოვს ერთი დღე.. 18 წლის ვარ და სკოლის ეზოში ჩემს მეგობრებთან ერთად ვზივარ. ვამჩნევ მანქანას, რომელიც სკოლის გარეთ დგას და ვხვდები, რომ ერთხელ სადღაც მინახავს..
მივხვდი, რომ ბიძაჩემის ილჰანის მანქანა იყო, მაგრამ რას აკეთებდა ის იქ იმ დროს?
შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ჩაალაგე შენი ნივთები.“
მე: „რატომ?“
ილჰანი: „ხვალ ნიურნბერგში მიდიხარ, მათ კონტრაქტი შემოგთავაზეს.“
ვერ დავიჯერე.. აღფრთოვანებული ვიყავი. ვკითხე სიმართლეს ამბობდა, თუ არა.. ის არ ხუმრობდა.. დირექტორთან შევედი და ვუთხარი, რომ სკოლას ვტოვებდი..
ეს მართლა ხდებოდა..
მეორე დღეს, დილის 5 საათზე გავიღვიძე. მშობლებს დავემშვიდობე.. სახლს ვტოვებდი.. სამუდამოდ წავალ? ჯერ ეს არ ვიცი..
მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი.. ვიცოდი, რომ წინ განსაკუთრებული პერიოდი მელოდა..
უბრალოდ მიხარია, რომ მართალი აღმოვჩნდი.“ - მე ილქაი გიუნდოგანი ვარ